აშშ-მ ბრაზილია დაამარცხა, როუზი მოედანზე დაბრუნდა
გამთენიისას ამერიკის შეერთებული შტატების საკალათბურთო ნაკრები ამხანაგურ შეხვედრაში ბრაზილიას დაუპირისპირდა და 17 ქულით – 95:78 აჯობა.
საუკეთესო ამერიკელთა რიგებში ენტონი დევისი აღმოჩნდა, რომელმაც 20 ქულა დააგროვა, ბურთი რვაჯერ მოხსნა და ხუთი ბლოკშოთიც მიითვალა. მასზე ორი ქულით ნაკლები ჯეიმს ჰარდენმა დააგროვა.
რაც შეეხება ბრაზილიელებს, მათი რიგებდან სპლიტერი გამოირჩა, რომლის მონაგარმა 16 ქულა შეადგინა.
ეს მატჩი, პირველ რიგში, აღსანიშნავი იმითაა, რომ მოედანზე „ჩიკაგო ბულზის“ ლიდერი დერიკ როუზი დაბრუნდა, რომელმაც ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ბოლო ორი სეზონი მძიმე ტრავმების გამო გამოტოვა. განვლილ სეზონში მან მხოლოდ რამდენიმე შეხვედრა ჩაატარა, რომელთა შემდეგაც კვლავ დაშავდა.
„ამ მომენტისთვის დიდი ხანი ვემზადებოდი. შესაძლოა, თუ ეს რამდენიმე კვირის წინ მოხდებოდა, თავს ასე კარგად ვერ ვიგრძნობდი. რაც მთავარია, ჩვენ გავიმარჯვეთ, რაც ძალიან მახარებს. თუ წავაგებდით, ასეთ ემოციებს არ განვიცდიდი. ახლა ნიუ-იორკში ჩავალთ, სადაც მზადებას ამავე შემართებით გავაგრძელებთ“, – განაცხადა დერიკმა.
როუზის თამაშთან დაკავშირებით „ჩიკაგო ბულზის“ მთავარმა მწვრთნელმა ტომ ტიბოდომაც ისაუბრა.
„სასიამოვნოა, რომ დერიკი კვლავ თამაშობს. მისი თამაშით კმაყოფილი დავრჩი“, – აღნიშნა „ხარების“ დამრიგებელმა.