ბურჯანაძის 12 ქულა ლა კორუნიის გუნდის სადებიუტო მატჩში
ესპანურ „ლეიმა ბასკეტის“ შემადგენლობაში ურიგო დებიუტი არ ჰქონია ბექა ბურჯანაძეს, თუმცა მისმა გუნდმა ესპანეთის რანგით მეორე ლიგაში, რომელიც „ადეკო ოროს“ სახელს ატარებს, მარცხი განიცადა. ეს იყო ჩემპიონატის მეორე მატჩი, ხოლო პირველში, რომელიც ლა კორუნიას გუნდმა მოიგო, ქართველ ლეგიონერს არ უთამაშია.
ლაკორუნიელები ვალიადოლიდში ანალოგიური სახელის მქონე კლუბს შეხვდნენ. ვალიადოლიდელები გასულ სეზონში ესპანეთის უმაღლეს ლიგაში ასპარეზობდნენ და გასაკვირიც არ იყო, რომ მოიგეს. მატჩი მასპინძელთა სასარგებლოდ 77:68 დასრულდა და ქართველი ფორვარდი თავის გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო იყო.
ბურჯანაძე სათადარიგო იყო, თუმცა მოედანზე 21:27 წუთით გავიდა და საბოლოო ჯამში 12 ქულა, 4 მოხსნა და 1 ჩაჭრა დააგროვა. ქართველმა ფორვარდმა 5-დან 2 ორქულიანი, 6-დან 2 სამიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. ბურჯანაძემ ბურთი 3-ჯერ დაკარგა, 2 ჯარიმა მიიღო და მეტოქეებიც მასზე 2-ჯერ დაჯარიმდნენ.
მომდევნო ტურში, 17 ოქტომბერს, „ლეიმა“ ლა კორუნიაში „ბურგოსს“ უმასპინძლებს.
gbf.ge