ბურჯანაძის საუკეთესო მატჩი და სანიკიძის გამარჯვება
ბექა ბურჯანაძის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ესპანურ პრიმერადივიზიონში. სევილიური “კახასოლისა” და საქართველოს ნაკრების 20 წლის ფორვარდმა “მონბუსთან” გასვლით მატჩში 11 წუთი ითამაშა და თავისიანთაგან საუკეთესოთა შორის იყო.
სევილიელებმა ბოლო მეოთხედში გატეხეს მეტოქე და 70:59 იმარჯვეს. ბურჯანაძემ 1-დან 1 ორქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, 2 სამიანი კი ააცილა. 6 ქულას ბექამ 3 მოხსნა და 1 ჩაჭრა მოაყოლა და მარგი ქმედების კოეფიციენტით თავის გუნდში მხოლოდ ტომაშ სატორანსკის ჩამორჩა. ჩეხმა გამთამაშებელმა 13 ქულა, 7 მოხსნა და 4 პასი მიითვალა.
გამარჯვება მოიპოვა და ცხრილში კვლავ “კახასოლის” მეზობლადაა ვიქტორ სანიკიძის “სარაგოსა”. არაგინელებმა “ესტუდიანტესს” უმასპინძლეს და 80:65 დაამარცხეს. ქართველმა ფორვარდმა 26 წუთში 11 ქულა, 8 მოხსნა და 2 პასი მიითვალა. სანიკიძემ 7-დან 3 ორქულიანი და 6-დან 5 საჯარიმო ჩააგდო, 2 სამიანი კი ააცილა. სანიკიძე საერთო შედეგიანობის “სარაგოსაში” მხოლოდ ჰენკ ნორელს ჩამორჩა, რომელმაც 15 წუთში 14 ქულა და 5 მოხსნა მიითვალა.
“სარაგოსას” და “კახასოლს” 17 გამარჯვების წილ 14 მარცხი გააჩნიათ და ცხრილში 6-7 ადგილებს იყოფენ. მომდევნო ტურში, 11 მაისს, ორივე გუნდი სტუმრად ითამაშებს: “სარაგოსა” ვალიადოლიდში, “კახასოლი” კი ვალენსიაში.
GBF.GE