დალასთან დაძაბულ მატჩში ზაზა ფაჩულია ორმაგ დუბლს მიუახლოვდა
ზაზა ფაჩულიას შედეგიანი თამაში და მორიგი დასანანი მარცხი. „მილუოკი ბაქსმა“ 2 დეკემბერს კლივლენდში 3 ქულით წაგების შემდეგ დღეს, გამთენიისას „დალას მავერიკსს“ უმასპინძლა და შეხვედრა დაძაბულ ბრძოლაში – 105:107 დათმო.
საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანს ორმაგ დუბლამდე 2 ქულა და 1 მოხსნა დააკლდა. ზაზა ფაჩულიამ სტაბილურად ითამაშა როგორც დაცვაში, ისე შეტევაში და მილუოკელთაგან ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ქართველმა ცენტრმა 6-დან 3 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, 8 ქულა დააგროვა და ამას 9 მოხსნა და 2 პასი მოაყოლა. ფაჩულიამ 2 ჯარიმა მიიღო და მოედანზე ყოფნის 26 წუთში ბურთი მხოლოდ ერთხელ დაკარგა.
მილუოკელთაგან ბომბარდირობა არავის დაუთმო ბრენდონ ნაითმა, რომელმაც 25 ქულა მიითვალა. 21 ქულა ჰქონდა კრის მიდლტონს, სასტარტო ხუთეულში გამოჩენილმა ოჯეი მაიომ კი პირად ანგარიშზე 12 ქულა ჩაიწერა.
მიუხედავად მარცხისა, ფაჩულიას გუნდი კონკურენტთა წაგებების ხარჯზე ცხრილში დაწინაურდა. 10-10 მოგებ-წაგებით „მილუოკი“ აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილზე აღზევდა (გუშინ მე-7-ზე იყო). მომდევნო მატჩი „ხარირმებს“ ხვალ, გამთენიისას, შინ „მაიამისთან“ ელით.
GBF.GE