დღეს დუდუ დადიანის დაბადების დღეა
დღეს დუდუ დადიანის დაბადების დღეა. ეროვნული ნაკრებისა და “ვითას” ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე, კარიერის დასრულების შემდეგ კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი, დუდუ დადიანი დღეს 45 წლის გახდებოდა.
ქართული სპორტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ელეგანტური კალათბურთელი 2002 წელს ტრაგიკულად დაიღუპა. მას შემდეგ კალათბურთის ფედერაციის, დუდუს მეგობრების და სპორტული გაზეთ “ოლიმპის” ინიციატივით დადიანის მემორიალური ტურნირი იმართება.
დადიანის იუბილესთან დაკავშირებით დღეს ამხანაგური მატჩი გაიმართება დუდუს მეგობრების და თანაგუნდელების მონაწილეობით. შეხვედრაში ძირითადად დადიანის თაობის კალათბურთელები მიიღებენ მონაწილეობას, რომლებიც დუდუს პატივსაცემად 13-ნომრიანი მაისურებით ითამაშებენ.
ცნობილი კალათბურთელი გასულ დღეებში მისმა მეგობრებმა მედიასივრცეში გაიხსენეს. პირველი არხის სპორტულ თოქ-შოუ “არენაში” მიწვეულები იყვნენ დადიანის თანაგუნდელები და მეგობრები: პაატა გურასპაული და მამუკა ტურაშვილი, ხოლო საზოგადოებრივი მაუწყებლის რადიო 102.4-ში, ელენე ბილიხოძის გადაცემა “ესტაფეტაში” დადიანი ზვიად კოტრიკაძემ და დავით უსტიაშვილმა გაიხსენეს.
დღეს, 18:00 საათზე, დუდუ დადიანის მეგობრები, თანაგუნდელები, ახლობლები, ოჯახის წევრები და ნათესავები სკოპრტკომპლექს “არენაში” შეიკრიბებიან, სადაც ტრაგიკულად დაღუპულ კალათბურთელს გაიხსენებენ და ამხანაგურ მატჩს ითამაშებენ.
gbf.ge