“დინამო” მემორიალის გამარჯვებულია
დღეს სპორტკომპლექს “არენაში” ქორქია-საკანდელიძის მემორიალის ფინალური შეხვედრა გაიმართა სადაც ერთმანეთს თბილისი “დინამო” და “სოხუმი” დაუპირისპირდნენ. შეხვედრა ნახევარი საათის დაგვიანებით დაიწყო. ამის მიზეზი კი “არენაში” ჩამქრალი შუქი იყო. ელექტროენერგიის მიწოდება ნახევარ საათში აღდგა და ფინალური შეხვედრაც დაიწყო.
პირველივე წუთებიდან “დინამომ” აგრესიულად დაიწყო და მილოშევიჩის ძალისხმებით 6-0 დაწინაურდა. მეოთხედის დარჩენილ ტურებში თბილისელებმა უპირატესობის გაზრდა მოახერხეს და შესვენებაზე ათქულიანი ჰანდიკაპით გავიდნენ – 26:16.
მეორე მეოთხედში “სოხუმმა” გამოიღვიძა და შესანიშნავი პერიოდი ჩაატარა. სოხუმელებმა დაცვაშიც და შეტევაშიც დაჯაბნეს მეტოქე და მეოთხედი 15 ქულის სხვაობით მოიგეს. “სოხუმის” რიგებში როგორც ყოველთვის გამორჩეული იყო ჯოშუა ჯექსონი. საბოლოო ჯამში დიდ შესვენებაზე გუნდები “სოხუმის” ხუთქულიანი უპირატესობით გავიდნენ – 38:43.
შესვენების შემდეგ კვლავ “დინამოს” დომინირება ვიხილეთ. მესამე პერიოდში თბილისელებმა “სოხუმი” ყველა კომპონენტში დაჩაგრეს და კვლავ დაიბრუნეს უპირატესობა. ბრწყინვალე იყო მილოშევიჩი. ჩერნოგორიელს კარგი პასებით გამყრელიძე ამარაგებდა. ამ დუეტს არც ბესო ლეჟავა ჩამორჩა, რომელიც საჭირო დროს აგდებდა მნიშნველოვან ბურთებს. მეოთხედი დინამომ 11 ქულიანი სხვაობით მოიგო და გადამწყვეტი პერიოდის წინ ხუთქულიანი უპირატესოვა მოიპოვა.
მეოთხე პერიოდი ამ შესანიშნავი მატჩის ყველაზე გემრიელი ლუკმა იყო. თანაბარი თამაში და მხოლოდ ბოლო წუთზე გარკვეული გამარჯვებულის ბედი. ჯექსონთან ერთად “სოხუმის” შემადგენლობაში სიმენსიც აქტიურებოდა, თუმცა მილოშევიჩს დღევანდელ ფინალში ვერავინ ვერ აჯობა. სწორედ მონტენეგროელის თამაშმა განაპირობა “დინამოს” დღევანდელი გამარჯვება. მილოშევიჩმა ორმაგი დუბლი გაიფორმა 33 ქულას 11 მოხსნა დაუმატა და მატჩის საუკეთესო მოთამაშის პრიზიც მიიღო.
2013 წლის ბოლო მატჩი “დინამოს” გამარჯვებით დასრულდა – 80:75.
სტატისტიკა: http://live.fibaeurope.com/www/Game.aspx?acc=16&gameID=35189&lng=en
მატჩის შემდეგ
ირაკლი ხოშტარია (დინამო): მადლობა ჩემს ბიჭებს ბრძოლისთვის და ვულოცავ მათ ამ გამარჯვებას. რაც შეეხება მოწინააღმდეგეს, ყოველთვის ვამბობდი, რომ “სოხუმი” წელს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი იქნება და დღეს ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა.
მეორე მეოთხედში ჩავარდნა გვქონდა, მიუხედავად ამისა შევძელით თამაშის გამოასწორება და დამსახურებულად მოვიგეთ.
ვაჟა კვარაცხელია (სოხუმი): დინამოს ვულოცავ ამ გამარჯვებას. კარგი თამაში გამოვიდა და მოწინააღმდეგემ დამსახურებულად მოიგო.
სტევან მილოშევიჩი (დინამო): მადლობა “სოხუმს” კარგი თამაშისთვის. თამაშს რაც შეეხება, მეორე პერიოდი სუსტად ჩავატარეთ, მაგრამ მერე კვლავ დავიბრუნეთ უპირატესობა და გამარჯვებასაც მივაღწიეთ. სასიხარულოა თასის მოგება, მაგრამ ამაზე არ გავჩერდებით. სხვა ტიტულების მოპოვებასაც ვაპირებთ.
ჯოშუა ჯექსონი (სოხუმი): ვულოვავ დინამოს. საუკეთესო თამაში აჩვენეს და დამსახურებულად მოიგეს. მაგრამ მსაჯობაზე უნდა ვთქვა აუცილებლად. მესამე მეოთხედის მესამე წუთიდან მსაჯმა მხოლოდ ერთი ჯარიმა დააფიქსირა ჩემზე. ასე არ შეიძლება. აუცილებლად დავაყენებთ ამ საკითხს ფედერაციაში. ანალოგიური სიტუაცია იყო ბათუმში იგივე მსაჯის “შესრულებით”. მატჩის ბოლოს ვუთხარი კიდევაც რომ ის ცდებოდა. თუმცა, ეს არ აკნინებს “დინამოს” წარმატებას. კიდევ ერთხელ ვულოცავ მოწინააღმდეგეს ამ გამარჯვებას.
მეხუთე ადგილი: “ოლიმპი” – “შსს აკადემია” – 80:52
მესამე ადგილი: “რუსთავი”-“არმია” 64:66