დინამო ფინალურ სერიაში დაწინაურდა
დღეს, თბილისის სპორტის სასახლეში “დინამოსა” და “ქუთაისს” შორის გასამართი სუპერლიგის ფინალური სერია დაიწყო. შეხვედრამ დიდი ინტერესი გამოიწვია და მატჩს ჩვეულებრივზე მეტი გულშემატკივარი დაესწრო. აქტიურობდნენ ფანებიც, რომლებიც მთელი შეხვედრის განმავლობაში აქტიურად უჭერდნენ მხარს საყვარელ გუნდებს.
შეხვედრა თბილისის “დინამოს” დომინირებით წარიმართა. მასპინძლებმა მეტოქეს შანსი არ დაუტოვეს და გამანადგურებელი ანგარიშით გაიმარჯვეს, რაც ფინალური სერიისთვის ცოტა მოულოდნელი იყო.
თამაში ჭოჭუას ზუსტი სამქულიანით გაიხნსა. “დინამო” პირველივე წამებზე გალიდერდა და დარჩენილ დროში მოპოვებული უპირატესობა ხელიდან არ გაუშვა. ჭოჭუას მხარი გამყრელიძემ და მილოშევიჩმაც აუბეს. პირველ ტაიმში ხოშტარიას გუნდის უპირატესობა სწორედ ამ ტრიომ განაპირობა.
ქუთაისელები პირველ მეოთხედში წინააღმდეგობის გაწევას ცდილობდნენ. აქტიურები იყვნენ ფაშაევი და დვალიშვილი, თუმცა სტუმართა ეპიზოდური გამონათებები შეხვედრის საერთო სურათს არ ცვლიდა. მოპოვებული უპირატესობა “დინამომ” მეორე მეოთხედში განავითარა და დიდ შესვენებაზე გუნდები 16-ქულიანი სხვაობით გავიდნენ – 56:30.
მესამე პერიოდი კარტერის ბენეფისად იქცა. “დინამოს” ამერიკელმა ლეგიონერმა ზედიზედ რამდენიმე ეფექტური ჩატენვა შესთავაზა სპორტის სასახლეში შეკრებილ მაყურებელს. კარტერს არც ჭოჭუა ჩამორჩა.
დასკვნით პერიოდში მწვრთნელებმა ახალგაზრდა მოთამაშეებს მისცეს თავის გამოჩენა, თუმცა ამას შეხვედრის მსვლელობაზე გავლენა არ მოუხდენია. საბოლოოდ შეხვედრა დინამოელთა 49-ქულიანი უპირატესობით, 104-55 დასრულდა.
საინტერესოა, რომ “დინამოს” შემადგენლობაში ქულების მოგორვება ბიბილურის გარდა ყველა მოთამაშემ მოახერხა. მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე ქიენ კარტერი გახდა (24 ქულა, 17 მოხსნა). დინამოელთა გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანეს მილოშევიჩმა (17ქულა, 10 მოხსნა) და ჭოჭუამ (18 ქულა). “ქუთაისიდან” ყველაზე შედეგიანი გრძელიძე გახლდათ, რომლის ანგარისზე 12 ქულაა.
ფინალური სერიის მეორე მატჩი ხვალ, სპორტის სასახლეში 18 საათზე აიღებს სტარტს.
მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია
ირაკლი ხოშტარია(,,დინამოს’’ მთავარი მწვრთნელი): სერიაში 1:0 დავწინაურდით და ვაგრძელებთ ჩვენი საქმის კეთებას, რადგან გადაწყვეტილი ჯერ არაფერი არაა. რაც შეეხება კონკრეტულად თამაშს, ჩვენ შესწავლილი გვყავდა მოწინააღმდეგე, გვქონდა ტაქტიკური სქემა იმისა, თუ როგორ უნდა გვეთამაშა მის წინააღმდეგ და დღეს ეს გამოგვივიდა. ბიჭებმა ყველაფერი კარგად შეასრულეს, თუმცა ეს უკვე დავიწყებულია და მოვემზადებით ხვალინდელი თამაშისთვის. ვეცდებით, ისევ ღირსეულად ვითამაშოთ.
მედეა მხეიძე(,,ქუთაისის’’ მწვრთნელი): ყველაზე გულდასაწყვეტი ისაა, რომ დღეს მაყურებელი ვერ ვასიამოვნეთ და ის თამაში ვერ ვაჩვენეთ, რომელსაც ელოდნენ. როგორც მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ვთქვი, ფაქტობრივად, ,,ქუთაისი’’ ძალიან დიდ წნეხშია, ფიზიკურად ვერ მოვახერხეთ ძალების აღდგენა, რათა სათანადოდ ჩაგვეტარებინა პირველი თამაში. მითუმეტეს, ცეკვავას ტრავმა აქვს და არ გვინდოდა მისი დატვირთვა. როგორც უკვე ითქვა, სერია ჯერ წინ არის და ვეცდებით ხვალინდელი დღისთვის ვიპოვოთ ძალები და გამარჯვებას მივაღწიოთ.
ლევან გრძელიძე(,,ქუთაისი’’): ბიჭები ძალიან გადაღლილები ვართ, ,,არმიასთან’’ 5 თამაში ჩავატარეთ, ძალიან მძიმე ნახევარფინალური სერია გავიარეთ, ტრავმებიც დაგვემატა და ამან განაპირობა ჩვენი მარცხი. თუმცა ჯერ დაკარგული არაფერია და ყველაფერს გავაკეთებთ წარმატებისთვის.
მარიამ ნიშნიანიძის ფოტოები