„დინამო“ პლეიოფში გავიდა, „ქუთაისმა“ 26 ქულით მოიგო
თბილისის „ახალ სპორტის სასახლეში“ საკალათბურთო სუპერლიგის რეგულარული ჩემპიონატის 26-ე ტურის პირველი ორი მატჩი შედგა.
პირველ შეხვედრაში ერთმანეთს ცხრილში მეზობლები „დინამო“ და „სოხუმი“ შეხვდნენ. შეხვედრა „დინამოელთა“ 5-ქულიანი გამარჯვებით, 67:62 დასრულდა.
პირვლეი მეოთხედის შემდეგ ხოშტარიას გუნდი სწორედ 5 ქულით იგებდა (20:15). დიდი შესვენების წინ „დინამომ“ უპირატესობა 11 ქულამდე გაზარდა (41:30). მესამე ათწუთიანი პერიოდი თანაბარი ანაგრიშთ დასრულდა, ბოლო მეოთხედში კი სოხუმელებმა სხვაობა ხუთ ქულაზე მეტით ვერ შეამცირეს.
„დინამოდან“ 26 ქულით მაქსიმ კოვაჩევიჩი გამოირჩა, „სოხუმს“ კი 23 ქულით ფილიპ მილერმა ულიდერა.
ამ მოგებით მესამე ადგილზე მყოფმა „დინამოელებმა“ 42 ქულა დააგროვეს და პირველი ოთხეულის პლეიოფში ადგილი გაინაღდეს. რაც შეეხება „სოხუმს“, 40 ქულით გუნდი მეოთხე პოზიციაზე დარჩა და პლეიოფისთვის ბრძოლას გააგრძელებს.
„დინამო“ – „სოხუმი“ 67:62 (20:15, 21:15, 15:15, 11:17)
„ოლიმპსა“ და „ქუთაისს“ შორის შეხვედრა კი იმერელთა 26-ქულიანი გამარჯვებით დასრულდა (103:77). სათქმელია, რომ დღევანდელ შეხვედრაში „ოლიმპს“ სხვადასხვა მიზეზით ოთხი კალათბურთელი ვერ დაეხმარა, მიუხედავად იმისა, რომ ოთხივე შეხვედრის განაცხადში იყო (საუბარია ჯერემი ბაინუმზე, ნუგზარ აბულაძეზე, კახა ტომარაძესა და ოლექსანდრ კოსენკოვზე), შესაბამისად, ივატინის გუნდის რიგებიდან მხოლოდ ექვსმა კალათბურთელმა ითამაშა.
„ქუთაისიდან“ ამ მატჩში 35 ქულით საუკეთესო გიორბი ბარბაქაძე იყო, „ოლიმპიდან“ კი 23 ქულა ლესლის სმიტმა დააგროვა.
„ოლიმპი“ – „ქუთაისი“ 77:103 (25:27, 15:18, 22:24, 15:34)
26-ე ტური ხვალ რუსთავსა და ბათუმში გაგრძელდება. „ბათუმი“ ბოლოადგილოსან „აკადემიას“ მიიღებს, „რუსთავი“ კი „მგზავრებს“ შეხვდება.