დინამომ არმიას აჯობა და გალიდერდა
სუპერლიგის მეორე წრის მე-7 ტურის ცენტრალურ მატჩს სპორტკომპლექს “არენას” დარბაზმა უმასპინძლა. ერთმანეთის წინააღმდეგ გათამაშების ლიდერები “არმია” და “დინამო” წარსდგნენ. მატჩი ხოშტარიას გუნდის გამარჯვებით დასრულდა. “დინამოელებმა” ამ მოგებით დიდი ნაბიჯი გადადგეს რეგულარულის პირველ ადგილზე დასასრულებლად.
საინტერესო ორტაბრძოლის იმედით მოსულ გულშემატკივარს, მოლოდინი მხოლოდ პირველ ტაიმში გაუმართლდა. მესამე პერიოდიდან დინამოელებმა დიდი უპირატესობის მოპოვება შესძლეს, რაც გამარჯვების საწინდარი გახდა.
მატჩი საკმაოდ დაბალი შედეგიანობით დაიწყო, თუმცა ხოშტარიას შეგირდებმა პირველივე წუთებიდან მოახერხეს მცირე უპირატესობის მოპოვება, რომელიც მეორე მეოთხედში გაზარდეს და დიდ შესვენებაზე გუნდები ათქულიანი სხვაობით გავიდნენ – 27:37.
მესამე პერიოდში სწრაფი და სანახაობრივი თამაში გაჩაღდა. როგორც უკვე ავღნიშნეთ, მეორე ტაიმის დებიუტი “დინამოს” უპირატესობით წარიმართა. მრავალგზის ჩემპიონმა 10-წუთიანი მონაკვეთი 25-11 მოიგო, რაც საკმაოდ დიდი ფორაა ბოლო პერიოდის წინ.
დასკვნითი მეოთხედის დასაწყისში “არმიელებმა” სცადეს თამაშის შემოტრიალება. თუმცა, მოხლოდ ის მოახერხეს, რომ სხვაობა 16 ქულამდე დაიყვანეს. საბოლოოდ 61-86 “დინამოს” სასარგებლოდ.
მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია
ირაკლი ხოშტარია(,,დინამოს’’ მთავარი მწვრთნელი): მივესალმები მეტოქე გუნდს და წარმატებებს ვუსურვებ მომავალში. იცით, რომ ცუდი სიტუაცია გვქონდა ფსიქოლოგიური თვალსაზრისით. ეს თამაში ბევრ რამეს წყვეტდა, წინ კიდევ გვაქვს მატჩები, თუმცა სწორედ დღევანდელი შეხვედრას უნდა გადაეწყვიტა, რომელი გუნდი დაიკავებდა პირველ ადგილს. მინდა ბიჭებს მადლობა გადავუხადო, ყველამ მოახერხა ფსიქოლოგიური პრობლემის გადალახვა. ვეცდებით დანარჩენი თამაშები წარმატებით ჩავატაროთ და პლეი ოფზე ვიფიქროთ.
კოტე ტუღუში(,,არმიის’’ მთავარი მწვრთნელი): მივულოცავ ,,დინამოს’’ გამარჯვებას, მატჩის წინ ვშიშობდი, რომ რთული პერიოდის შემდეგ ,,დინამო’’ სულ სხვა სახით წარდგებოდა ჩვენ წინაშე და ასეც მოხდა, ნამდვილად საჩემპიონო გუნდია და ერთ-ერთი საუკეთესო თამაში ჩაატარეს. ჩვენი მხრივ, მოვემზადეთ, მაგრამ რადიკალურად სხვა სურათი დაგხვდა, მოედანზე სულ სხვა ,,არმია’’ გავედით და ეს, პირველ რიგში, ,,დინამოს’’ კარგი თამაშის დამსახურებაა. თამაშის შემდეგ გუნდის კაპიტანს ვთხოვე, რომ დაგვეწერა მსაჯებზე საჩივარი. წაგებას მსაჯებს ნამდვილად არ ვაბრალებთ, ამაში მათი წვლილი შეიძლება ძალიან მცირე იყოს, უბრალოდ მინდა კითხვებზე პასუხი მივიღო.ერთადერთი გზა, როგორც ჩანს, ისაა, რომ დავჯდე და თამაშს ვუყურო, მსაჯებისგან კონკრეტულ პასუხებს ვერ ვიღებ. იმედი მაქვს, ამჯერად მივიღებ პასუხებს, რომლებსაც მომავალში აუცილებლად გავითვალისწინებ.
ბესიკ ლეჟავა(,,დინამო’’): ჩვენთვის ამ თამაშის მოგება ძალიან მნიშვნელოვანი იყო როგორც ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, ასევე, სატურნირო მდგომარეობისთვისაც. წარუმატებელი სერიის შემდეგ გვჭირდებოდა ეს მოგება. ყველამ ერთად გავაანალიზეთ შეცდომები, ვიმუშავეთ და დღეს შედგეგი სახეზა. ვეცდებით, მომავალში აღარ გვქონდეს ისეთი ჩავარდნა როგორიც ახლა გვქონდა, უფრო ყურადღებით ვიყოთ და შეცდომები მინიმუმამდე დავიყვანოთ.
ზვიად ბაბიაშვილი(,,არმია’’): პირველ რიგში, მივულოცავ მეტოქეს გამარჯვებას, ძალიან კარგი თამაში აჩვენეს. სერიოზულად ვემზადებოდით ამ შეხვედრისთვის, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერ გავიმარჯვეთ. დავეთანხმები კოტეს, მსაჯებს არაფერს ვაბრალებთ, ,,დინამომ’’ თამაშით გვაჯობდა და დამსახურებულად მოიგეს, მაგრამ მსაჯების მხრიდან იყო შეცდომები და არა მხოლოდ დღევანდელ თამაშში, ეს ყველაფერი დაგროვდა რამდენიმე მატჩში. ჩვენ გუნდს სერიოზული ამბიციები აქვს, კონკრეტული მიზნებისთვის ვიბრძვით და მსაჯებთან გვაქვს კონკრეტული კითხვები. იმედი გვაქვს, გაგვარკვევენ სიტუაციაში.