დინამომ ბათუმი დაამარცხა
საკალათბურთო სუპერლიგის მორიგი ტური დღეს ბათუმში დაიწყო. აჭარის მთავარ ქალაქში თბილისის “დინამო” ჩავიდა და ადგილობრივი გუნდი ზედმეტი გართულებების გარეშე – 72:59 დაამარცხა.
ამ გუნდების პირველი წრის შეხვედრა თბილისში დაძაბულ ბრძოლაში წარიმართა. მაშინ ბათუმელებმა გაცილებით უკეთ ითამაშეს და მოგებასთანაც ახლოს იყვნენ, თუმცა ბოლო წუთზე დაშვებული შეცდომების გამო 93:95 დამარცხდნენ. დღეს კი, მიუხედავად იმისა, რომ “ბათუმი” შინაურ დარბაზში თამაშობდა, “დინამოს” სათანადო წინააღმდეგობა ვერ გაუწია და შეიძლება ითქვას, უბრძოლველად დამარცხდა.
დინამოელებმა თამაში შედეგიანად დაიწყეს და პირველივე მეოთხედში ცხადი გახდა რომ სტუმრები გამარჯვებას ხელიდან არ გაუშვებდნენ. სტევან მილოშევიჩი, ქიენ კარტერის და მის თანაგუნდელთა სიზუსტის წყალობით “დინამომ” საწყისი პერიოდი 25:9 მოიგო. 14-ქულიანი ლიდერობა თბილისელებმა ტაიმის ბოლოსთვის 1-ით გაზარდეს და დიდ შესვენებაზე დაარხეინებულნი გავიდნენ.
მასპინძლებმა მესამე პერიოდში თამაში გამოაკეთეს. ლეგიონერების წყალობით ჩამორჩნის შემცირებას შეუდგნენ და მეოთხედის შუაწელში მეტოქეს 5 ქულამდე მიუახლოვდნენ – 37:42. ეს იყო მაქსიმუმი, რასაც ბათუმელებმა მიაღწიეს. დინამოელებმა ათწუთეულის ბოლომდე ლიდერობა 9 ქულამდე გაზარდეს და დარჩენილ პერიოდში მასპინძლები ახლოს აღარ გაიკარეს.
დინამოელებს მეფარეთა ტანდემმა ულიდერა – ქიენ კარტერმა 15 ქულა და 16 მოხსნა მიითვალა, ხოლო სტევამ მილოშევიჩმა ანგარიშზე 14-14 ქულა-მოხსნა ჩაიწერა. 13 ქულა, 7 მოხსნა და 7 პასი მიაშველა გამარჯვებულებს გიორგი გამყრელიძემ. ბათუმელებში კანადელი ლეგიონერი ჯუნიორ ქედუგინი 19 ქულით გამოირჩა, ჯეიმი ჯექსონმა თავი 14 ქულასა და 8 მოხსნას მოუყარა.
ტურის დარჩენილი 3 შეხვედრა ხვალ, 15 თებერვალს, თბილისის სპორტის სასახლეში გაიმართება.
მატჩისშემდგომი კომენტარები:
ივანე მაისურაძე(,,ბათუმის” მოთამაშე-მწვრთნელი): დღეს სრული შემადგენლობით ვიასპარეზეთ, დიდი შემართებით გავედით მოედანზე, მაგრამ ,,დინამო”, როგორც ყოველთვის, დღესაც მოწოდების სიმაღლეზე იყო. ხოშტარიას გუნდს ეტყობოდა, რომ კარგად იყო მომზადებული და კონკრეტულად დღევანდელი თამაშისთვისაც სათანადო ფორმაში იყვნენ, ეს შედეგზეც აისახა. მცირე შანსი გვქონდა, მაგრამ ვერ გამოვიყეთ და იმედი გვაქვს, ,,ქუთაისთან” მოვიპოვებთ გამარჯვებას.
ირაკლი ხოშტარია(,,დინამოს” მთავარი მწვრთნელი): კარგად დავიწყეთ თამაში, თავიდანვე მოვიპოვეთ უპირატესობა, ბიჭებმა დავალება ზუსტად შეასრულეს. გვქონდა ჩავარდნა მესამე მეოთხედში, თუმცა მალევე გამოვასწორეთ თამაში და მოვახერხეთ უპირატესობის შენარჩუნება.
superleague.ge