“დინამომ” რუსთავში მოიგო
სუპერლიგის მე-11 ტურში “რუსთავმა” საკუთარ დარბაზში თბილისის “დინამოს” უპასუხო.
„რუსთავს“ რთული ამოცანა ჰქონდა გადასაჭრელი. ლიდერ „დინამოს“ ამერიკელი ლეგიონერის, ტრავმირებული ტერენს ოგლსბის გარეშე დაუხვდა და წარმატების მისაღწევად ძალისხმევასთან ერთად იღბლის წყალობაც სჭირდებოდა. ამ უკანასკნელს რუსთაველები პირველ მეოთხედში ნამდვილად არ უჩივოდნენ. მასპინძლებმა „დინამოს“ კალათი სამქულიანებით „ამოავსეს“ – ქაქუაცა აბაიშვილმა, მიხეილ ჭოჭუამ და ლევან ცეკვავამ ჯამში 5 სამქულიანი ჩააგდეს და პირველ პერიოდში ქვემოქართლელები 16 ქულით დაწინაურდნენ – 24:8.
დინამოელებმა ვითარების გამოსწორება დაცვიდან დაიწყეს და უკანა ხაზში საიმედო თამაშმა მათ შეტევაშიც გაუხსნა გზა. გარიკ შერმანმა, მარკო პოპოვიჩმა, ბესიკ ლეჟავამ მიზანი გაისწორეს და პირველი მეოთხდის დასრულებამდე სტუმრებმა ჩამორჩენა 9 ქულამდე შეამცირეს – 21:30. თამაშის განახლებისთანავე დინამოელებმა შედეგიანობა გააგრძელეს და ანგარიში ჯერ გაათანაბრეს (30:30), ხოლო დიდი შესვენებისთვის საიმედოდ დაწინაურდნენ კიდეც – 54:45.
მესამე პერიოდში გამოჩნდა, რომ „რუსთავი“ თამაშის შემომტრიალებელი აღარ იყო. აღნიშნული პერიოდი თბილისელებმა 15:9 მოიგეს და მასპინძლები საბოლოოდ გატყდნენ. „დინამოს“ უპირატესობამ 20 ქულას გადააჭარბა და გამარჯვებულის ვინაობაც საფინალო სირენამდე საკმაო ხნით ადრე გაირკვა.
დინამოელთა შორის საუკეთესო შედეგი გარიკ შერმანმა დააფიქსირა – 20 ქულა და 9 მოხსნა. 17 ქულა დააგროვა ბესიკ ლეჟავამ, ლაშა გამყრელიძის ანგარიშზე კი 16 დაგროვდა. მასპინძელთაგან გამორჩეული შედეგი დააფიქსირა მიხეილ ჭოჭუამ, რომელმაც 34 წუთში 34 ქულა დააგროვა. აკაკი დვალიშვილმა მატჩის ერთადერთი ორმაგი დუბლი – 10 ქულა და 14 მოხსნა მიითვალა.
რუსთავი – დინამო 81:91
მატჩისშემდგომი კომენტარები
მიხეილ ბერუაშვილი, „რუსთავის“ მთავარი მწვრთნელი:
„ვულოცავ „დინამოს“ გამარჯვებას. რაც შეეხება მატჩს, თამაში ცუდად არ დავიწყეთ და დიდი სხვაობითაც ვიგებდით, მაგრამ მეორე პერიოდიდან ვეღარ მოვახერხეთ გარედან ჩაგდება და ამით მეტოქემ ისარგებლა. გამოჩნდა ხარვეზები, რომლებზეც სამუშაო გვაქვს“.
ირაკლი ხოშტარია, „დინამოს“ მთავარი მწვრთნელი:
„რუსთავი“ ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტია და თან საკუთარ ქალაქში თამაშობდა. აქედან გამომდინარე, გასაკვირი არ ყოფილა, რაც დასაწყისში მოხდა. რუსთაველებმა სოლიდური უპირატესობა მოიპოვეს, თუმცა ჩვენ სწორი ტაქტიკა დავუპირისპირეთ და მეორე მეოთხედიდან ვითარება გამოვასწორეთ. შეგვეძლო უფრო დიდი სხვაობითაც მოგება, თუმცა თავის გამოჩენის საშუალება ყველა მოთამაშეს მივეცი“.
superleague.ge