„დინამომ“ წელიწადი ზედიზედ მეექვსე მოგებით დაასრულა, „მგზავრებმა“ ბოლო წამზე გაიმარჯვეს
დღეს, ახალ სპორტის სასახლეში, საკალათბურთო სუპერლიგის რეგულარული ჩემპიონატის მე-13 ტურის მატჩები შედგა.
“აკადემია“ – „რუსთავი“ 73:86
პირველ შეხვედრაში ერთმანეთს „რუსთავი“ და „აკადემია“ შეხვდნენ. ეს დაპირისპირება საინტერესო იმით იყო, რომ წინა ტურში „აკადემიამ“ სეზონის მეორე მატჩი მოიგო, რუსთაველებმა კი ცუდი შედეგებისა და ბოლოსწინა ადგილზე დაშვებიუს გამო მთავარი მწვრთნელის პოსტიდან მიხეილ ბერუაშვილი გაათავისუფლეს. ამის მიხუედავად, „რუსთავმა“ დღეს საკმაოდ ადვილად მოიგო და მეტოქეს ანგარიშით 86:73 სძლია.
საუკეთესო ქვემო ქართლელთა რიგებში 18 ქულით გაჩეშა იყო, სამაგიეროდ, „აკადემიას“ ლიდერმა მაურის ბრიგსმა ამჯერად 28 ქულა დააგროვა. არადა, „ბათუმთან“ ნახსენებ შეხვედრაში მისმა მონაგარმა 40 ქულა შეადგინა, რაც სუპერლიგის მიმდინარე სეზონის რეკორდია.
შემდეგ ტურში, რომელიც 9 იანვარს გაიმართება, „აკადემია“ მგზავრებს შეხვდება, „რუსთავი“ კი – „ოლიმპს“.
„ოლიმპი“ – „დინამო“ 69:79
ზედიზედ მეოთხედ დამარცხდა „ოლიმპი“, თავის მხვრივ, „დინამომ“ ამით 2015 წელი ზედიზედ მეექვსე გამარჯვებით დაასრულა.
არადა, პირველი მეოთხედის შემდეგ კაზანჯიანის გუნდს ექვსქულიანი უპირატესობა (23:17) ჰქონდა. მეორე მეოთხედში „დინამომ“ სიტუაცია გამოასწორა, თუმცა ბოლო წამზე „ოლიმპიდან“ მასხულია 3 ქულით გამოირჩა – დიდი მეოთხედის წინ „დინამოელები“ 39:40 მარცხდებოდნენ. ამ პერიოდში ხოშტარიას გუნდის რიგებიდან საუკეთესო 10 ქულით აბრი მაკალპინი იყო, „ოლიმპიდან“ კი 9 ქულით ბაინუმი გამოირჩა. მესამე მეოთხედში „დინამომ“ 11 ქულით დაწინაურება შეძლო, რამაც, საბოლოოდ, შეხვედრის ბედზე იმოქმედა და გადამწყვეტ მეოთხედის შემდეგ „დინამოელებმა“ 79:69 გაიმარჯვეს.
საუკეთესო „დინამოს“ რიგებიდან 21 ქულით გიორგი შარაბიძე იყო, „ოლიმპიდან“ კი 14 ქულთ რევაზ როგავა გამოირჩა.
შემდეგ ტურში „დინამო“ „ქუთაისთან“ პრინციპულ მატჩს გამართავს, „ოლიმპი“ კი წაგებათა სერიის დასრულებას „რუსთავთან“ შეეცდება.
„სოხუმი“ – „მგზავრები“ 79:81
ზედიზედ მეორე მატჩში დამარცხდა „სოხუმიც“, რომელიც წინა ტურში „დინამოსთან“ თითქმის მთელი შეხვედრის განმავლობაში ლიდერობდა, თუმცა, როგორც მაშინ, ისევე დღეს, საბოლოოდ, დამარცხდა.
„მგზავრებთან“ დღევანდელი შეხვედრის პირველი ორი მეოთხედის შემდეგ ვაჟა კვარაცხელიას გუნდი ორი ქულით მარცხდებოდა, მესამე მეოთხედში კი ათქულიანი ჰანდიკაპის მოპოვება შეძლო. ამის მიუხედავად, ბუბა ბერიშვილის კალათბურთელებმა მეტოქის ათქულიანი უპირატესობის განეიტრალება შეძლეს, ბოლო შეტევა კი სწორედ „მგზავრების“ იყო, რომელიც ბოლო წამზე კახაბერ ჯინჭარაძის ჩაგდებით დაგვირგვინდა.
ამ გამარჯვებით „მგზავრებმა“ სატურნირი ცხრილის მეოთხე ადგილზე გადაინაცვლეს, ორი ტურის წინ ერთპიროვნული ლიდერი „სოხუმი“ კი მეხუთე საფეხურზე დაეშვა.