,,დინამოს” დრამატული გამარჯვება (მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია)
თბილისის “დინამომ” მიმდინარე ჩემპიონატში მეორე გამარჯვება იზეიმა. ირაკლი ხოშტარიას გაწვრთნილმა დინამოელებმა დაძაბულ და საინტერესო მატჩში “ბათუმი” დაამარცხეს. ყველაფერი ბოლო წამებზე გაირკვა და საბოლოოდ თბილისელებმა 2 ქულის სხვაობით – 95:93 გაიმარჯვეს.
მატჩი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, თუმცა აღსანიშნავია, რომ შეხვედრის გადამწყვეტ მეოთხედში “ბათუმი” სოლიდურ უპირატესობას ფლობდა და გამარჯვებასთანაც ახლოს იყო, მაგრამ დინამოელთა შეუპოვრობამ თავისი გაიტანა.
ბათუმელებმა, რომლებიც პირველ მეოთხედში 10 ქულით ჩამორჩებოდნენ და მთელი მეორე პერიოდიც მდევრის როლში იყვნენ, მესამე ათწუთეულში თავისი თამაში იპოვეს. ეს ძირთადად ბათუმელთა ლეგიონრებზე ითქმის, რომელთა ინდივიდუალური თამაშის ხარჯზე ზღვისპირულმა გუნდმა მესამე მეოთხედი 25:17 მოიგო და გადამწყვეტი ათწუთეულის წინ 4 ქულით დაწინაურდა – 72:68.
მიხეილ კობეშავიძის გაწვრთნილმა ბათუმელებმა 2-წუთიანი შესვენების შემდეგ წარმატებული თამაში განაგრძეს და თამაშის დასრულებამდე 5 წუთით ადრე 8 ქულით დაწინაურდნენ – 88:80. “დინამო” წაგების რეალური საფრთხის წინაშე აღმოჩნდა, თუმცა გიორგი გამყრელიძის, ქიან კარტერის, სტევან მილოშევიჩის შედეგიანი თამაშის წყალობით ჯერ ჩამორჩენის შემცირება შეძლეს, ბოლო წუთზე კი გამყრელიძის ორქულიანით 95:93 დაწინაურდნენ.
ბათუმელებს თამაშის გადასარჩნად მთელი 1 წუთი ჰქონდათ, მაგრამ წარმატების მიღწევა ვერ მოახერხეს. ჯუნიორ კადუგანმა ბოლო შეტევაში ბურთი ათამაშა, მაგრამ დინამოელთა მწყობრ დაცვაში სუსტი წერტილი ვერ იპოვა და მოუმზადებლად ნასროლი ბურთი ააცილა.
გამარჯვებულ დინამოელებს 27 ქულით ქიან კარტერმა ულიდერა, 18 ქულა და 17 მოხსნა ჰქონდა მეორე ლეგიონერ სტევან მილოშევიჩს, გამყრელიძემ კი შეხვედრა 18 ქულითა და 9 პასით დაასრულა. ბათუმელთა შორის ტრადიციულად ლეგიონრები გამოირჩოდნენ – ჯერემი სეფოლდი 28 ქულა, ჯუნიორ კადუგანი – 26, ჯიმი ჯექსონი – 18. 17 ქულა ჰქონდა ნიკა რამიშვილს, რომელიც ლეგიონერებს და მთლიანად ბათუმის გუნდ ძალიან დაეხმარა.
მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია
ირაკლი ხოშტარია(,,დინამოს’’ მთავარი მწვრთნელი): პირველ რიგში, მივესალმები მიშას. როგორც ვამბობდი, არ ვართ მზად სრულყოფილი თამაშისთვის. ეს თუნცად იმაში გამოჩნდა, რომ სოხუმი და ბათუმი განსხვავებულ კალათბურთს თამაშობს, ბათუმის მწვრთნელმა გადაწყვიტა სწრაფი თამაში შემოეთავაზებინა, ერთი ერთზე დარჩენილიყვნენ, რაც კარგად გამოუვიდათ. სოხუმის წინააღმდეგ სხვა დაცვა ვითამაშეთ, დღეს უფრო შეგვექმნა პრობლემები. ამიტომ გვჭირდება თამაშები, რომ გავაანალიზოთ შეცდომები და ვფიქრობ, გვაქვს რესურსი, რომ მოვუმატოთ. ვიცით, რაში გვქონდა პრობლემები. ბათუმი ძალიან კარგი გუნდია და ძლიერი მწრვთნელი ჰყავს, მათთან თამაში ყველასთვის რთულია.
მიხეილ კობეშავიძე(,,ბათუმის’’ მთავარი მწვრთნელი): მივულოცავ ,,დინამოს’’ გამარჯვებას, დიდ პატივს ვცემ ამ გუნდს და ირაკლის. სათქმელი ბევრი არაფერი მაქვს, დაწყნარებულ გულზე გავაანალიზებთ თამაშს. ბევრი შეცდომა დავუშვით დაცვაში, მოხსნებშიც მოგვიგეს. ბიჭებმა ბოლომდე იბრძოლეს, მადლობის მეტი არაფერი მეთქმის. თუმცა თამაში პატარა ნიუანსებისგან შედგება და ამ ნიუანსებმა გადაწყვიტა მატჩის ბედი.
სტევან მილოშევიჩი(,,დინამო’’): პირველ რიგში, მადლობა ,,ბათუმს’’ კარგი თამაშისთვის. მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ. დრო გვაქვს, რომ გავაანალიზოთ ის შეცდომები, რომელიც დაცვაში დავუშვით. პირველი მეოთხედი ძალიან კარგად ჩავატარეთ, შემდეგ კი ხარვეზები გვქონდა. თუმცა მთავარია, რომ მოვიგეთ და იმედია, ასე გავაგრძელებთ.
ნიკა რამიშვილი(,,ბათუმი’’): მივულოცავ ,,დინამოს’’ გამარჯვებას. დაძაბული თამაში იყო, ორივე გუნდს თანაბარი შანსები ჰქონდა მოგების. ბევრი შეცოდმა დავუშვით დაცვაში, ძალიან ცოტა მოხსნა გვქონდა მეტოქესთან შედარებით და ბოლო პერიოდში დაცვაში ხარვეზებმა წაგვაგებინა. იმედია, გამოვასწორებთ შეცდომებს.
superleague.ge