დინამოს ლოგიკური გამარჯვება მაქაბისთან
ეორე წრის მე-5 ტური დასრულდა. დღის ბოლო მატჩში ცხრილის თავში და ბოლოში მყოფი გუნდები – “დინამო” და “მაქაბი” დაუპირისპირდნენ. ლიდერის და აუტსაიდერის შეხვედრა მოსალოდნელი შედეგით დასრულდა – დინამოელებმა 104:53 იმარჯვეს.
მაქაბელებს ის თუ ექნებათ სანუგეშიდ, რომ პირველ მეოთხედის შუაწელამდე ძლიერ მეტოქეს წინააღმდეგობა გაუწიეს. საწყისი მეოთხედის 11:22 წაგების შემდეგ მაკაბელები ტაიმის მიწურულამდე არ ტყდებოდნენ. თუმცა კლასმა თავისი გაიტანა და მეორე მეოთხედის დასკვნით 3 წუთში „დინამომ“ მეტოქე გვარიანად ჩამოიტოვა – დიდ შესვენებაზე 58:26 დაწინაურდა.
მეორე ნახევარში დინამოელებმა ლიდერობა კიდევ უფრო გაიმყარეს და საბოლოოდ 51-ქულიანი გამარჯვება გაიფორმეს. შეუჩერებელი იყო დინამოელთა ჩერნოგორიელი ცენტრი სტევან მილოშევიჩი, რომელმაც 26 ქულასთან ერთად 18 მოხსნა მოაგროვა. სერბმა ფორვარდმა, მილოშ პეშიჩმაც ორმაგიდუბლი მიითვალა – 18 ქულა, 12 მოხსნა. 19 ქულა დაგროვდა მიხეილ ჭოჭუას ანგარიშზე. “მაკაბიში” 21 ქულა და 9 მოხსნა გიორგი ფერიაშვილის ანგარიშზე იყო, 1 მოხსნა დააკლდა ორმაგ დუბლამდე გიორგი რევაზაშვილსაც, რომელმაც 13 ქულა და 9 მოხსნა მიითვალა.
სუპერლიგის მორიგი ტურის მატჩები 14 და 15 მარტს, რუსთავსა და თბილისში გაიმართება.
მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია:
ირაკლი ხოშტარია (დინამოს მთავარი მწვრთნელი): მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ყველა ქალბატონს მივულოცო 8 მარტი, რაც შეეხება თამაშს, რთული კვირა გვქონდა და ვცდილობთ მარცხი დავივიწყოთ, რომელმაც ბევრი ხარვეზი დაგვანახა და სწორედ ამ შეცდომების გამოსწორებაზე ვმუშაობთ. მომდევმო მატჩებზე ძლიერი მეტოქეები გვეყოლება და ვეცდებით რეგულარული სეზონი პირველ ადგილზე დავასრულოთ.
მიხეილ ხუხაშვილი (მაქაბის მწვრთნელი): ვუერთდები ირაკლის მილოცვას და მეც ყველა მანდილოსანს მივულოცავ 8 მარტს, ჩვენ გუნდზე კი რა შემიძლია გითხრათ – მთელმა საქართველომ იცის ჩვენი გუნდის მიზანი – რევაზაშვილებმა უნდა ჩააგდონ, ფერიაშვილმა -ითამაშოს. დანარჩენი არაფერზე გვაქვს პრეზტენზია, მით უმეტეს ისეთ გუნდთან, როგორიც „დინამოა“. ვუსურვებ წარმატებებს როგორც „დინამოს“, ასევე სუპერლიგაში მოასპარეზე ყველა გუნდს.
ზეზვა ლილუაშვილი (დინამო): დაძაბული მატჩები გვქონდა „სოხუმთან“ და დღევანდელი შეხვედრა ვეცადეთ რეაბილიტაციისთვის გამოგვეყენებინა. ვიმუშავეთ ხარვეზებზე და იმ შეცდომების გამოსწორებაზე, რომლებიც წინა თამაშებზე დავუშვით. წინ რთული მეტოქეები გველიან და ვეცდებით ისე ვიასპრეზოთ, როგორც „დინამოს“ შეშვენის.
superleague.ge