დოკ რივერსი: „მსურს, რომ ოდომი NBA-ში დაბრუნდეს“
„ლოს-ანჯელეს კლიპერსის“ მთავარმა მწვრთვნელმა დოკ რივერსმა ლამარ ოდომისთვის კიდევ ერთი შანსის მიცემის სურვილი გამოთქვა.
ცნობილია, რომ რივერსთან შესახვედრად, უახლოეს დღებში ოდომი როდ-აილენდიდან დაბრუნდება, სადაც ბოლო თვეების განმავლობაში ვარჯიშობდა.
„მასთან საუბარს ვაპირებ. ჩვენს გეგმებზე ჯერ არ გვისაუბრია. ლამარი ძალიან მომწონს და მინდა, რომ იგი ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში დაბრუნდეს. თუ ყველაფერი გამოუვა, მაშინ „კლიპერსში“ ამ კალათბურთელს დიდი სიამოვნებით მივიღებ. მთავარი კი, რა თქმა უნდა, ისაა, რომ მას ყველაფერი კარგად ჰქონდეს. ბუნებრივია, თუ იგი ფორმაში არ იქნებოდა, მისი დამატების სურვილი არ გვექნებოდა. სიმართლე რომ გითხრათ, იმ შემთხვევაში, თუ ოდომი სხვა კლუბში გადავა, მის გამო მაინც ბედნიერი ვიქნები. იგი კარგი ადამიანია და მეორე შანსსაც იმსახურებს“, – განაცხადა რივერსმა.
დიდი ალბათობით, კალიფორნიელები ოდომს ერთწლიან კონტრაქტს და ხელფასის სახით 883 ათას დოლარს შესთავაზებენ.