დუდუ დადიანის მეგობრების მატჩს დამატებითი დრო არ დასჭირდა
74:74 – გაიმარჯვა მეგობრობამ. უფრო ზუსტად, გაიმარჯვეს დუდუ დადიანის მეგობრებმა. მატჩი, რომელსაც არ დასჭირდა დამატებითი დრო, რადგან არც ერთ და არც მეორე გუნდს ერთმანეთში გასაყოფი არაფერი ჰქონდათ.
ყველასთვის საყვარელი კალათბურთელის, ეროვნული ნაკრებისა და თბილისის “ვითას” ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშის, 2002 წელს ტრაგიკულად დაღუპული დუდუ დადიანის 45 წლის იუბილე მისმა მეგობრებმა ამხანაგური მატჩით აღნიშნეს.
სპორტკომპლექს “არენაში” თავი მოიყარა არაერთი თაობის კალათბურთელმა – დაწყებული ნოდარ ქორქიათი, დასრულებული კოტე ტუღუშით. ამ ორ ვეტერან კალათბურთელს შორის არის თაობა, რომლის წარმომადგენელიც გახლდათ დუდუ დადიანი და დღევანდელი მატჩის მონაწილეთა უმრავლესობაც სწორედ ამ თაობას მიეკუთვნებოდნენ.
მოთამაშეები პირობითად იყვნენ გაყოფილნი. ყველას ერთნაირი დიზაინის, 13-ნომრიანი მაისური ეცვა წარწერით – “დუდუ”. გუნდს, რომელიც ლურჯი მაისურებით ასპარეზობდა და რომელსაც ზურა ტომარაძე უძღვებოდა, შეადგენდნენ: ნორად ქორქია, ზაზა ღონღაძე, კოტე ტუღუში, პაატა გურასპაული, გია ბერუაშვილი, ამროსი ორმოცაძე, მამუკა ტურაშვილი, ალეკო პეტრიაშვილი, დავით ღლონტი, დათო ჩიხლაძე და ზურა დარახველიძე.
სერგო იშხნელი თეთრმაისურიანთა გუნდს ხელმძღვანელობდა შემდეგი შემადგენლობით: არჩილ ჟღენტი,ზაზა ცაგარეიშვილი, მიხეილ ბერუაშვილი, ვახტანგ ნაცვლიშვილი, ბაჩო სხიერელი, რევაზ ჩხეიძე, გია სანაძე, ლევან წულაია და რამაზ გოგობერიშვილი.
მატჩი, როგორც მოსალოდნელი იყო, სახალისო გამოვიდა. ვეტერანმა კალათბურთელებმა ძველი დრო გაიხსენეს და ერთმანეთთან ლაღი თამაშით გული იჯერეს. გია სანაძემ, არჩილ ჟღენტმა, ზაზა ღონღაძემ, პაატა გურასპაულმა და მამუკა ტურაშვილმა სამქულიანების სროლით ძველი დრო გაიხსენეს. შედეგიანად არტყავდნენ მიზანში ჟღენტი, ღონღაძე, სანაძე – ტანმაღალი მოთამაშეები კი ფარქვეშ აქტიურობდნენ, რომელთა შორისაც ვახტანგ ნაცვლიშვილი გამოირჩა და 22 ქულით მატჩის ბომბარდირი გახდა. ვატომ ერთი ისეთი ბურთი ჩააგდო, შესაძლოა, 5 სეზონი გაილიოს და ვერავინ მოახერხოს ისეთ მოუხერხებელი სიტუაციიდან ბურთის კალათში მოთავსება.
მატჩს ესწრებოდნენ დუდუს მშობლები, ძმა, ძმიშსვილები, ოჯახის წევრები, ნათესავები, თანაგუნდელებიი, მეგობრები, უბრალოდ ახლობელი ადამიანები. მატჩის მსვლელობის პარალელურად, მოედნის ერთ მხარეს, მთელს კედელზე გადიოდა დუდუ დადიანის სპორტული კარიერის, მისი სიყრმის და ახალგაზრდობის ამსახველი კადრები. მატჩის დაწყებამდე დუდუ დადიანი გაიხსენეს დამსახურებულმა სპორტულმა კომენტატორმა ჯამლეტ ხუხაშვილმა, ეროვნული ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა ვახტანგ ნაცვლიშვილმა და ვეტერანმა კალათბურთელებმა – ნოდარ ქორიამ, პაატა გურასპაულმა და ზვიად კოტრიკაძემ.
დუდუ დადიანი დღეს 45 წლის გახდებოდა. 12 წელია, რაც იგი თავის ოჯახს, მეგობრებს, გულშემატკივრებს, მთლიანად საქართველოს მოაკლდა, მაგრამ გულშემატკივრებს არ აკლდებათ დუდუს ხსოვნა – რასაც მისი მემორიალური ტურნირები, დღევანდელის მსგავსი მატჩები და ზოგადად, ხალხის სიყვარული აძლიერებს.
პაატა გურასპაული: ფანტასტიური თამაში გამოვიდა. თავიდან ცოტა მძიმედ დავიწყეთ, თუმცა შემდეგ გავიხსენით, გავხურდით და გავიხსენეთ ახალგაზრდობა. თამაში, როგორც მოსალოდნელი იყო, ფრედ დასრულდა და ვფიქრობ, რომ ვეტერანების ასეთი თამაშები ახალისებს როგორც მაყურებელს, ასევე ჩვენც გვაძლევს სტიმულს. ძალიან კარგი იქნება, თუ ვინმეს იუბილის აღსანიშნავად იმავეს გავაკეთებთ. ვფქირობ, დარბაზში მყოფმა მაყურებელმაც, მსაჯებმაც და ჩვენც უდიდესი სიამოვნება მივიღეთ.
არჩილ ჟღენტი: რა თქმა უნდა, ჩვენთვის სამწუხარო და თან სასიამოვნოა დუდუს გახსენება. კარგია, რომ დღეს ამის საშუალება მოგვეცა. მადლობა დუდუს, მადლობა ფედერაციას, ერთმანეთს მოვეფერეთ, ვითამაშეთ, ვისიამოვნეთ და ვფიქრობ, შესანიშნავი საღამო გამოვიდა.
19 მაისი, სპორტკომპლექსი “არენა”
დუდუ (თეთრები) 74:74 დუდუ (ლურჯები)
25:14, 12:20, 22:21, 15:19
დუდუ (თეთრები): არჩილ ჟღენტი (20), ზაზა ცაგარეიშვილი (4), მიხეილ ბერუაშვილი (10), ვახტანგ ნაცვლიშვილი (22), ბაჩო სხიერელი, რევაზ ჩხეიძე (8), გია სანაძე (8), ლევან წულაია და რამაზ გოგობერიშვილი (2).
მწვრთნელი: სერგო იშხნელი
დუდუ (ლურჯები): ნორად ქორქია, ზაზა ღონღაძე (21), კოტე ტუღუში (6), პაატა გურასპაული (11), გია ბერუაშვილი (4), ამროსი ორმოცაძე (7), მამუკა ტურაშვილი (5), ალეკო პეტრიაშვილი, დავით ღლონტი (18), დათო ჩიხლაძე (2), ზურა დარახველიძე.
მწვრთნელი: ზურა ტომარაძე
მსაჯები: როლანდ ხომერიკი, როლანდ გელოვანი, ზაზა მაჩალაძე, მაკა კუპატაძე
gbf.ge