ეროვნული ნაკრები სტუდენტებს შეხვდა
დღეს, სპორტის სასახლეში საკალათბურთო საზოგადოება შეიკრიბა და ეროვნული ნაკრების წევრებთან ერთად რამდენიმე ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. საქართველოს ნაკრების ვარჯიშის დასრულების შემდეგ კალათბურთელები და მწვრთნელები ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდნენ და მათ შეკითხვებს უპასუხეს.
შეხვედრის დასაწყისში ვეტერანი კალათბურთელი და პროფესორი მედიცინის დარგში, ვაჟა გვანცელაძე სპორტის რაინდის წოდებით დააჯილდოვეს. ღვაწლმოსილ ვეტერანს საპატიო ჯილდო კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა – მიხეილ გაბრიჩიძემ გადასცა. ვაჟა გვანცელაძე გულითადად მიესალმა საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრებს და დამსწრე საზოგადოებას, რის შემდეგაც განხორციელდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გახანგრძლივება კალათბურთის ეროვნულ ფედერაციასა და თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირს შორის.
ეს ორი საკალათბურთო ორგანიზაცია 4 წელია, თანამშრომლობს და ერთობლივი ძალისხმევით დედაქალაქის მაშტაბით კალათბურთის განვითარებისთვის ძალიან ბევრი რამ გააკეთეს. შესაბამისად, ხელშეკრულება გახანგრძლივდა და ხელმოწერის ცერემონიალიც დღევანდელ შეხვედრაზე გაიმართა. თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირის პრეზიდენტი, პაატა გურასპაული მოკლედ შეეხო ფედერაციასთან თანამშრომლობის დადებით მხარეებს, რის შემდეგაც ეროვნული ნაკრების წევრებისა და სტუდენტების შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები საკმაოდ მომზადებულნი შეხვდნენ ეროვნული ნაკრების წევრებს და მათ საინტერესო კითხვები დაუსვეს. კალათბურთელებმა და მწვრთნელებმა სტუდენტების შეკითხვებს ამომწურავად უპასუხეს.
საქართველოს ეროვნული ნაკრების თბილისში 22 აგვისტომდე დარჩება, შემდეგ კი ევრობასკეტისთვის მზადებას საბერძნეთში განაგრძობს. ეროვნული ნაკრები მონაწილეობას მიიღებს აკროპოლისის თასზე, რომელიც 23-25 აგვისტოს ათენში გაიმართება.
GBF.GE