ეროვნული ნაკრების ღია ვარჯიში სპორტის სასახლეში
საქართველოს ეროვნული ნაკრები ეროვბასკეტ 2017-ის საკვალიფიკაციო ტურნირისთვის მზადებას განაგრძობს. ილიას ზუროსის თბილისში 8 აგვისტოს დაბრუნდა და ვარჯიში სპორტის სასახლეში განაგრძო, სადაც თბილისის მერიის ტურნირი და ევროსაკვალიფიკაციო მატჩები გაიმართება. აღნიშნული ტურნირის ორგანიზატორი გახლავთ ქალაქ თბილისის მერია.
ეროვნულმა ნაკრებმა 16 ივლისიდან 3 აგვისტომდე საწვრთნელი შეკრება სლოვენიის დაბა პოდჩეტრტეკში გაიარა, სადაც ფიზიკურად მოძლიერდა და კომბინაციები დახვეწა. პირველი საკონტროლო მატჩი ქართველებმა სლოვენიაში, პორტუგალიასთან გამართეს, რომელიც 90:71 დაამარცხეს. სლოვენიიდან ილიას ზუროსის გუნდი მოსკოვში გაემგზავრა, სადაც ბელარუსთან და რუსეთის ეროვნულ ნაკრებებთან ამხანაგური მატჩები გამართა. მოსკოვიდან თბილისში დაბრუნებულ საქართველოს ნაკრებს გუნდის კაპიტანი, ზაზა ფაჩულია შეუერთდა. ერთადრერთი დანაკლისი, რომელიც ზუროსის გუნდს ჰყავს, მანუჩრ მარკოიშვილია, რომელმაც ტრავმა ბოლომდე ჯერ ვერ მოირჩინა, თუმცა არსებობს მცირე შანსი, რომ ის ეროვნულ გუნდს საკვალიფიკაციო მატჩებისთვის შეუერთდება.
ევროსაკვალიფიკაციო მატჩებისთვის მომზადების კუთხით საქართველოს ნაკრებისთვის მნიშვნელოვანია თბილისის მერიის თასი, რომელიც ტრადიციული საერთაშორისო ტურნირია და წლეულს 12-14 აგვისტოს ჩატარდება. ჩვენს ნაკრებთან ერთად მერიის თასში მონაწილეობას მიიღებენ რუსეთის, უკრაინისა და ჰოლანდიის ნაკრებები.
თბილსიის მერიის თასის მატჩებზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა დაწყებულია, რომელთა შეძენა შესაძლებელია როგორც სალაროებში, ისე – ონლაინ. ბილეთების გაყიდვას საკუთარ ვებ-გვერდზე უზრუნველყოფს tkt.ge, რომელიც ბილეთების რეალიზაციას ასევე ბათუმსა და თბილისში (სპორტის სასახლე, ივენთ ჰოლი) არსებულ საკუთარ სალაროებშიც ახორციელებს.
10 აგვისტოს საღამოს ვარჯიშის შემდეგ ეროვნული ნაკრების წევრებს ჟურნალისტები და გულშემატკივრები შეხვდნენ:
ილიას ზუროსი:
– მზადება სლოვენიაში დავიწყეთ, იქვე ჩავატარეთ ერთი საკონტროლო მატჩი პორტუგალიის წინააღმდეგ. სლოვენიიდან მოსკოვში გავემგზავრეთ და ორ ამხანაგურ შეხვედრაში კიდევ უკეთ გამოჩნდა ჩვენი მომზადების დონე. დავინახეთ, რომ ბევრი გვაქვს სამუშაო როგორც დაცვის, ასევე შეტევის სრულყოფაზე. ახლა თბილისში ვართ და მზადების ახალ ეტაპს ვიწყებთ. ჰოლანდიასთან, უკრაინასთან და რუსეთთან მატჩები ძალიან გამოგვადგება ოფიციალური შეხვედრების წინ.
ზაზა ფაჩულია:
– თბილისის საერთაშორისო ტურნირს ჩვენთვის სულ სხვა დატვირთვა აქვს, გარდა იმისა, რომ ჩვენი პლუს-მინუსები უნდა დავინახოთ, თბილისში პირველად ვხვდებით ქართველ გულშემატკივარს. საქართველოში მწვრთნელები მყავდა ჩამოყვანილი და ინდივიდუალურად ვემზადებოდი. გუნდთან შესათამაშებლად ვარჯიშებია საჭირო და ვიმედოვნებ, რამდენიმე დღეში სრულყოფილად შევძლებ სისტემის გაცნობასაც, მასთან მორგებასაც. აქამდე ჩატარებული საქართველოს ნაკრების სამივე მატჩი ვნახე. სასიამოვნოა, რომ პორტუგალიასაც და ბელარუსსაც დამაჯერებლად ვაჯობეთ. რუსეთი კი ჩვენზე გამოცდილი გუნდია, თანაბარი ძალის 12 კალათბურთელი ჰყავს…
თორნიკე შენგელია:
– 100 პროცენტით მზად ჯერ არ ვარ, მაგრამ ყოველდღიურად უკეთესობას ვგრძნობ და გუნდთან ერთად თბილისის ტურნირისთვის აქტიურად ვემზადები. ეს მატჩები ძალიან წაგვადგება, დავინახავთ ჩვენს შეცდომებს, რომელთა აღმოსაფხვრელად დრო კიდევ გვექნება.
გიორგი შერმადინი:
– ძალიან კარგია, რომ თბილისში, ადგილობრივი გულშემატკივრის წინაშე მოგვიწევს თამაში. ოფიციალური 3 შეხვედრაც საქართველოში გვაქვს და დარბაზთან შეჩვევა საჭიროა. ამასთან, სასიამოვნოა, რომ დაგვიბრუნდა კაპიტანი ზაზა ფაჩულია. ყველას კარგად მოეხსენება, რას ნიშნავს იგი ჩვენი გუნდისთვის… სიახლეზე მინდა გამცნოთ, დაიწყო ბილეთების ონლაინ გაყიდვები და გულშემატკივრებს შეეძლებათ,როგორც სალაროში, ისე ინტერნეტში ბილეთების შეძენა.
საქართველოს კალათბურთის ფედერაცია