ეროვნული ნაკრების სიახლეები და ღია ვარჯიში
საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირისთვის ემზადება. გენერალური შეკრება 5 ივლისს, სლოვენიის დაბა პოდჩეტრტეკში იწყება, მანამდე კი გუნდი არასრული შემადგენლობით თბილისში ვარჯიშობს, რისი მთავარი მიზანიც მოთამაშეების ფიზიკური ფორმის აღდგენაა.
ეროვნული ნაკრების გაფართოვებულ შემადგენლობაში სიახლეებია. ნაკრებს დაემატნენ “დინამოსა” და “არმიას” უკანახაზელები – მიხეილ ჭოჭუა და ლაშა ფარღალავა. ეს მას შემდეგ გადაწყდა, რაც ნაკრების ნატურალიზებული წევრის, ამერიკელი რიკი ჰიკმანის თამაში სათუო გახდა. ჰიკმანს ტრავმა აწუხებს, შესაძლოა ფეხზე ოპერაცია გაიკეთოს. მისი საქართველოს ნაკრებში თამაში მთავარი მწვრთნელის, იგორ კოკოშკოვისა და თავად ჰიკმანის მოლაპარაკების საგანია.
ნაკრებს სლოვენიაში, 7 ივლისს შეუერთდებიან ზაზა ფაჩულია, თორნიკე შენგელია და გიორგი შერმადინი. ეს უკანასკნელი ნაკრების თბილისურ შეკრებაზე გამოცხადდა, მაგრამ ფეხმა შეაწუხა და რეაბილიტაციის კურსს გადის.
რაც შეეხება მანუჩარ მარკოიშვილს, მას ნაკრების წევრებს შორის ყველაზე ხანგრძლივი სეზონი ჰქონდა და კლუბში თამაშების დასრულებასა და ნაკრების შეკრების დაწყებას შორის დრო ფაქტობრივად არ ჰქონია. ამის გამო ის ნაკრებს ჯერ არ შეერთებია და პირადი მწვრთნელის მეთვალყურეობით, მსუბუქად ვარჯიშობს.
ნაკრებს სლოვენიაში შეუერთდებიან 20-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი დავით უსტიაშვილი და მოთამაშე ბექა ბურჯანაძე, რომლებიც 10-20 ივლისს ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე მიიღებენ მონაწილეობას.
დღეს, საკალათბურთო აკადემიაში გამართულ ეროვნული ნკრების ვარჯიშს მასმედიის წარმომადგენლები დაესრნენ, რომლის დასრულების შემდეგ კალათბურთელებმა და მწვრთნელებმა კომენტარები გააკეთეს.
ვიქტორ სანიკიძე: ტრადიციულ შეკრებას გავდივართ, ფიზიკურად გვავარჯიშებს სერბი სპეციალისტი, რომელიც უკვე მეორე წელია ჩვენთან მუშაობს. შაბათს სლოვენიაში მივემგზავრებით, სადაც ნაკრების ის წევრები შემოგვიერთდებიან, რომლებიც თბილისურ შეკრებას ვერ ესწრებოდნენ. საკმაოდ ნაყოფიერად მიმდინარეობს მომზადება და თამაშებისთვის, ვფიქრობთ, სრულ მზადყოფნაში ვიქნებით.
ალექსანდრ ჩვოროვიჩი (ფიზმომზადების მვრთნელი): ამ ეტაპისთვის მოთამაშეების ფიზიკური ფორმით კმაყოფილი ვარ. დაახლოებით 15 ვარჯიში ჩავატარეთ და დასახული გეგმის მიხედვით მივდივართ. ყველანი ვემზადებით მთავარი შეკრებისთვის, რომელიც სლოვენიაში, 5 ივლისს დაიწყება. იქ შემოგვიერთდებიან გუნდის დარჩენილი წევრები და ევროპის ჩმპიონატის შესარჩევი ტურნირისთვი სრულფასოვნად მოვემზადებით.
გიორგი ცინცაძე: ამ ეტაპზე ძირითადად ფიზიკურად ვემზადებით და კონდიციებს ვიუმჯობესებთ. გარკვეულ დონეს მივაღწიეთ, თუმცა ჯერ ყველაფერი წინაა. სლოვენიაში გუნდი სრულად შეიკრიბება და გენერალურ მზადებაზეც იქ გადავალთ.
gbf.ge