ევროლიგაში მარკოიშვილი-შენგელიას დუელი არ შედგა
ევროლიგაში ქართული დერბი იყო დაგეგმილი, რომელიც არ შედგა. მანუჩარ მარკოივილის ცსკა თორნიკე შენგელიას „ლაბორალ კუჩას“ მასპინძლობდა, თუმცა არმიელთა რიგებში ქართველ ლეგიონერს არ უთამაშია. მარკოიშვილი განაცხადში იყო, მაგრამ მოედანზე არ გამოჩენილა.
შენგელიამ 19 წუთი ითამაშა და თავის გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. თორნიკე შეტევაზე იყო ორიენტირებული და მოსკოველთა ფარს გამუდმებით უტევდა. მას არმიელები ჯარიმებით აჩერებდნენ და მთლიანობაში შენგელიამ 9 საჯარიმო ესროლა, საიდანაც 5 ჩააგდო. თამაშიდან თორნიკემ 5-დან 3 ორქულიანი ჩააგდო, 1 სამიანი კი ააცილა.
მთლიანობაში შენგელიამ 11 ქულა და 5 მოხსნა დააგროვა, ბურთი კი ერთხელ დაკარგა. ვიტორიელთაგან ბომბარდირი მაიკ ჯეიმსი გახდა 19 ქულით, 14 დააგროვა კიმ ტილიმ, რომლის შემდეგაც 11 ქულით შენგელია მოდის. 10-10 ქულა დააგროვეს კოლტონ აივერსონმა და ფაბიენ კასერმა, არმიელთა შორის კი საუკეთესონი ნანდო დე კოლო (17 ქულა, 8 პასი) და სონი ვიმსი (22 ქულა) იყვნენ.
რაც შეეხება მატჩის შედეგს, ფავორიტად მიჩნეულმა ცსკა-მ დაგეგმილი გამარჯვება მოიპოვა. შენგელიას გუნდი ბოლომდე ბრძოლობდა, მაგრამ შინაურ კედლებში მოთამაშე არმიელებს ვერაფერი მოუხერხა. ცსკა-მ საბოლოოდ 99:90 იმარჯვა.
ცსკა-ს 2 შეხვედრიდან 2 მოგება აქვს, „ლაბორალს“ კი 2 მარცხი. დღეს ლევან ფაცაციას „ნიჟნი ნოვგოროდი“ „ფენერბაჰჩეს“ მასპინძლობს.
gbf.ge