ევროლიგის მეორე ჯგუფური ეტაპი 3 ქართველიდან 2-მა მოგებით დაიწყო
დაიწყო ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის, ევროლიგის მეორე ჯგუფური ეტაპი, იგივე ტოპ-16. ტურნირში მონაწილე 4 ქართველიდან მხოლოდ ვიქტორ სანიკიძის „უნიკსმა“ ვერ გააღწია მომდევნო ეტაპზე – თორნიკე შენგელიას, მანუჩარ მარკოიშვილისა და ლევან ფაცაციას გუნდებმა კი საუკეთესო 16 გუნდში ადგილი მოიპოვეს.
2 იანვარს პირველი ტურის თამაშები გაიმართა. 3 ქართველიდან მხოლოდ შენგელიას „ლაბორალ კუჩამ“ ვერ მოიგო, რომელიც თურქულ „ეფესს“ მასპინძლობდა და მატჩი დაძაბულ ბრძოლაში – 67:72 დათმო.
ქართველმა ფორვარდმა სასტარტო ხუთეულში ითამაშა და მოედანზე 22 წუთი გაატარა. შენგელიამ 7 ქულა, 7 მოხსნა და 1 დაფარება მოაგროვა. თორნიკემ 8-დან 2 ორქულიანი და 1 სამიანი ჩააგდო. ქართველმა ფორვარდმა ბურთი ერთხელ დაკარგა და 1 ჯარიმა მიიღო.
მანუჩარ მარკოიშვილის ცსკა-მ სტამბოლში, „ფენერბაჰჩესთან“ გამართულ დაძაბულ და დრამატულ მატჩში უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა – 94:91. ქართველმა უკანახაზელმა მოედანზე 6:21 წუთი გაატარა და 4 ქულა მიითვალა. მანუჩარმა 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, 1 სამიანი კი ააცილა.
დაბოლოს, ლევან ფაცაციას გუნდის წარმატებაზე ვთქვათ. ნიჟნი ნოვგოროდელებმა მილანში „ემპორიო არმანის“ 20-ქულიანი მარცხით სირცხვილი აჭამეს. გარდამტეხი გამოდგა მე-3 მეოთხედი, რომელიც ნოვგოროდელებმა 28:9 მოიგეს და მილანელები წელში გატეხეს. საბოლოოდ ფაცაციას გუნდმა 79:59 იმარჯვა.
ქართველი ფორვარდი მოედანზე 9:42 წუთით იმყოფებოდა და მოედანი 1 მოხსნით დატოვა. მისმა შორიდან ნატყორცნმა სამმა სროლამ მიზანს არ მიაღწია. ფაცაციამ ასევე 2 ჯარიმა მიიღო, ნოვგოროდელებს კი 19-19 ქულით ტეილორ როჩესტიმ და ტრეი ტომპკინსმა ულიდერეს.
მომდევნო ტურში ქართული დერბია: 8 იანვარს მარკოიშვილის ცსკა შენგელიას „ლაბორალს“ უმასპინძლებს, ხოლო „ნიჟნი ნოვგორორი“ „ფენერბაჰჩეს“ დაუხვდება.
gbf.ge