ევროლიგის პლეი ოფი: მარკოიშვილი გავიდა, შენგელია – ვერა
თორნიკე შენგელიას გუნდი ევროლიგას გამოეთიშა. ბასკურ „ლაბორალ კუჩს“ პლეი ოფამდე 1 ნაბიჯი დააკლდა. წარმატების გასაღები ვიტორიელებს საკუთარ ხელში ჰქონდათ. ჯგუფიდან გასასვლელად მათ თანამემამულე კლუბის – „უნიკახას“ დამარცხება მართებდათ, რაც ვერ მოახერხეს და ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირს გამოეთიშნენ.
„ლაბორალ კუჩას“ ჯგუფიდან გასვლა რეალური მას შემდეგ გახდა, რაც კონკურენტი „ეფესი“ ასევე თანამემამულე „ფენერბაჰჩესთან“ 72:83 დამარცხდა. აღნიშნული მატჩის შედეგი ვიტორიელებმა იცოდნენ, როცა „უნიკახას“ეთამაშებოდნენ, მაგრამ მალაგაში გამარჯვება შენგელიას გუნდმა ვერ მოახერხა – 84:93 დამარცხდა და ჯგუფში მე-4 ადგილი, შესაბამისას პლეი ოფის საგზურიც „ეფესს“ ერგო.
თორნიკე შენგელია სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 17:25 წუთი გაატარა. ქართველმა ფორვარდმა 6-დან 4 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, 1 სამიანი კი ააცილა. 9 ქულასთან ერთად 3 მოხსნა და 1 დაფარება მიითვალა. საუკეთესო შედეგი ვიტორიელთაგან ფაბიენ კოსიემ დააფიქსირა, რომელმაც 33 წუთში 21 ქულა მიითვალა.
რაც შეეხება ევროლიგის მონაწილე მეორე ქართველს, მანუჩარ მარკოიშვილი ტურნირში ასპარეზობას აგრძელებს. მისმა ცსკა-მ ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში მილანში „ემპორიო არმანი“ 88:79 დაამარცხა. მარკოიშვილმა 14:17 წუთი ითამაშა და 2 ქულა, 1 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა. მანუჩარმა 1 ორქულიანი ჩააგდო, 1 სამიანი კი ააცილა. 19 ქულით მოსკოველთაგან საუკეთესო საშა კაუნი გახლდათ.
ცსკა-მ საბოლოოდ F გუფში პირველი ადგილი დაიკავა და მეოთხედფინალში ბერძნულ „პანათინაიკოსს“ შეხვდება, რომელიც I ჯგუფში მეოთხე ადგილზე გავიდა. საპლეიოფო სერია 3 გამარვებამდეა, თამაშები 14 აპრილიდან დაიწყება.