ევროპის ლიგის ფინალში საქართველოს U20 ნაკრები ლატვიურ “ვალმიერას” შეხვდება
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები ევროპის ახალგაზრდული ლიგის ფინალშია. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილისა და დიმიტრი ჯაკობოვის გაწვრთნილმა გუნდმა დღეს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ბელარუსული “ცმოკი-მინსკი” 83:60 დაამარცხა და ევროპის ამ წარმომადგენლობითი ტურნირის მოსაგებად მეორე ნახევარფინალში გამარჯვებულ ლატვიურ “ვალმიერას” შეხვდება.
ოთხთა ფინალის მასპინძლად თბილისი რომ შეარჩიეს, ეს ჩვენი ფედერაციისა და ევროპის ახალგაზრდული ლიგის ხელმძღვანელობის მჭიდრო თანამშრომლობის შედეგია. დღეს, ოლიმპიურ სასახლეში, საქართველოსა და “ცმოკი-მინსკის” მატჩამდე გამართულ გახსნის ცერემონიალს ევროპის ახალგაზრდული ლიგის საპატიო პრეზიდენტი – გუნტის სენჰოფსი დაესწრო. ბატონ გუნტისს წარმატებული თანამშრომლობის ნიშნად საპატიო სიგელი გადასცა საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა პაატა გურასპაულმა. ორივე მათგანმა ოთხთა ფინალის მონაწილეებს წარმატებები უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ ოთხთა ფინალის მატჩები საინტერესოდ, ღირსეულ ბრძოლაში ჩაივლის.
რაც შეეხება საქართელოს ნაკრებისა და ბელარუსული გუნდის მატჩს, მასპინძლებს გამარჯვების მოპოვება არ გასჭირვებიათ. ჩვენს ნაკრებს ყველა სათამაშო რგოლში დიდი უპირატესობა ჰქონდა და თუკი პერიოდულად უჭირდა, მხოლოდ საკუთარი შეცდომების გამო. პირველი პერიოდი ქართველებმა 23:7 მოიგეს, ხოლო მეორეში 24:15 იმარჯვეს და დიდი შესვენებისთვის 24-ქულიანი ლიდერობით გავიდნენ. ქართველებს არც მეორე ნახევარში გასჭირვებიათ, თუმცა ლიდერობა აღარ გაუზრდიათ – მოპოვებული უპირატესობა უპრობლემოდ შეინარჩუნეს და 23 ქულის სხვაობით გაიმარჯვეს.
ჩვენი ნაკრებისთის ევროპის ლიგის მატჩები ძალიან სასარგებლოა. ტიტულს ხომ იგებენ და ჩვენი ნაკრების წევრები მომავალი, ზაფხულში გასამართი ევროპის ჩემპიონატის “ბ” დივიზიონისთვის ემზადებიან. საქართველოს ნაკრებს ბელარუსებთან გიორგი კორსანტიამ ულიდერა, რომელმაც 22 ქულა და 14 მოხსნა მიითვალა. 17 ქულა, 6 მოხსნა და 4 პასი დაგროვდა ლუკა ბულაშვილის ანგარიშზე, ხოლო ალექსანდრე ფევაძემ ჩვენს ნაკრებს 14 ქულა და 8 მოხსნა შესძინა.
საქართველოს ნაკრები ფინალში ლატვიურ “ვალმიერას” შეხვდება, რომელმაც მეორე ნახევარფინალურ მატჩში პოლონური “ვლადსლავოვო” 89:74 დაამარცხა.
ფინალური მატჩი საქართველოს ნაკრებსა და “ვალმეირას” შორის 29 აპრილს, ოლიმპიურ სასახლეში, 16:00 საათზე გაიმართება. მანამდე, 14:00 საათიდან დაიწყება მატჩი მესამე ადგილისთვის – “ცმოკი-მინსკი” – “ვლადსლავოვო”.