გია მურღულია: “როცა ბურთს კალათში ვერ აგდებ, ღმერთს კი არ უნდა ახედო, ცოტა მეტი უნდა ივარჯიშო”
ცნობილმა ქართველმა ფილოლოგმა გია მურღულიამ საქართველოს საკალათბურთო ნაკრების შესახებ სოციალურ ქსელში ვრცლად დაწერა.
“როცა ბურთს კალათში ვერ აგდებ (არადა, ამ თამაშს კალათბურთი ჰქვია), ღმერთს კი არ უნდა ახედო, რატომ მიმატოვეო, ცოტა მეტი უნდა ივარჯიშო.
თუ ვერც შენ აგდებ სამქულიანს და ვერც მოწინააღმდეგეს უშლი, პრეტენზიები არ უნდა გქონდეს.
19 სამქულიანი, ფაქტის გარდა, იმის დასტური და განაჩენიც არის, რომ დაცვაში თამაშის აზრზეც არ ხარ.
ისიც საკითხავია, რატომ ვუწოდებთ ჩვენ “მსროლელებსა” და “სნაიპერებს” იმათ, ვინც ათჯერ ესვრის და ერთხელ ძლივს ჩააგდებს – ასეთი “პროფესიონალიზმი” ძალიან უხერხულია.
გამაოცა კომენტატორმა, რომელმაც ორი “უკვდავი” ფრაზა წარმოთქვა:
1. “დარწმუნებული ვარ, შესვენების შემდეგ ქართველი კალათბურთელები მეტ ყურადღებას მიაქცევენ პერიმეტრის დაცვას” ( ბოლო 5 წელიწადია “ყურადღებას აქცევენ” და არაფერი შველით – ყველა ნაკრები თავის საუკეთესო შედეგს აღწევს პერიმეტრიდან ჩვენთან თამაშისას);
2. “დღეს ჩვენზე აშკარად სუსტ ბულგარეთთან დავმარცხდით” – კაი, კაცო?! საიდან ან რით დაასკვენი? რა კონკრეტული არგუმენტები გაქვს? ამ ჩემპიონატზე ვისთან ითამაშა შენზე უარესად?
მოკლედ, ჩვენი ზოგადი ხედვა გაცილებით მეტად თუ არ დავუახლოვეთ რაციონალურს, კიდევ ბევრ იმედგაცრუებას გადავეყრებით.
ზუროსს მადლობა უნდა ვუთხრათ და გავუშვათ (მისთვისაც ასე აჯობებს, სანამ ჯანმრთელობას საბოლოოდ არ შევურყევთ.).
ასევე, უნდა დავფიქრდეთ ნაკრების ახალ წევრებზე – ძალიან მოკლე სკამი გვაქვს. რატომღაც არ მტოვებს შეგრძნება, რომ ყველა გუნდი 5 კაცით თამაშობს და ჩვენ – სამით.
გუშინ კიდევ ბევრ ნაკლოვანებაზე დავწერე – დღეს აღარ გავიმეორებ.
ეს უბრალო გულშემატკივრის ხედვა და განწყობაა. ძალიან სევდიანი განწყობა. არ მაქვს ექსპერტობის პრეტენზია – ჩემს აზრს გამოვთქვამ. სამწუხარო ის არის, რომ ეს მოსაზრება მუდმივად დასტურდება ( ნახევრად ხუმრობა: კაცმა რომ თქვას, რას “ვერჩოდით” თურქეთის ნაკრებს?)” – დაწერა მურღულიამ.
საქართველოს ნაკრებმა ჯგუფში მხოლოდ 1 შეხვედრა მოიგო და პლეი-ოფში ვერ გავიდა. საუბარია, ნაკრებიდან ზუროსის წასვლაზეც.