გიორგი შერმადინი: “გადამწყვეტი ჩაგდების შემდეგ გაფრენა შემეძლო”
3 დეკემბერს მსოფლიოს საკალათბურთო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩში საქართველოს ნაკრებმა შინ ისრაელის საკალათბურთო გუნდი ძალიან დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა (71:69 – დამატებითი ტაიმის ჩათვლით). მატჩის შემდეგ გიორგი შერმადინმა, რომლის ანგარიშზეც ათი ქულა და თერთმეტი მოხსნა დაგროვდა, პრესასთან ისაუბრა.
“პირველ რიგში, მადლობა ყველას, ვინც დღეს სპორტის სასახლეში მოვიდა და მადლობა მათ, ვინც ტელევიზორთან გვგულშემატკივრობდა. მწვრთნელებსა და თანაგუნდელებს ვულოცავ გამარჯვებას.
ჩვენ ძლიერი და მოტივირებული გუნდი დავამარცხეთ, რაც ჩვენი და გულშემატკივრების ბრძოლის ხარჯზე მოხდა. ჩვენი დარბაზი ყველაზე ხმაურიანია.
გადამწყვეტი ჩაგდების შემდეგ ძალიან ბედნიერი ვიყავი. იმ მომენტში გაფრენა შემეძლო. მწვრთნელმა ეს კომბინაცია დახაზა და ამან გაამართლა,” – აცხადებს გიორგი შერმადინი.