“გოლდენ სტეიტმა” “ინდიანა” გაანადგურა
„გოლდენ სტეიტმა“ და მისმა კალათბურთელებმა დღეს, გამთენიისას ნბა-ს მიმდინარე სეზონის ზეშედეგიანი მატჩი გამოაცხვეს. ოკლენდელებმა „ინდიანა პეიზერსს“ უმასპინძლეს და 142:106 გაანადგურეს. მესამე პერიოდის შუაწელში მასპინძლები უკვე 10-ქულიან ზღვარს იყვნენ აცილებულნი, ხოლო „მეომართა“ არქიმექულე კლეი ტომპსონს დიდი შესვენებისთვის, 18-წუთიან სათამაშო დროში უკვე 40 ქულა ჰქონდა მითვლილი.
ტომპსონმა სბოლოოდ 60 ქულა ჩააგდო, რაც მისი პირადი და მიმდინარე სეზონის რეკორდია. კლეის შედეგიან თამაშში წილი უდევს ზაზა ფაჩულიასაც, რომელმაც 3 პასი მიაწოდა გოლდენსტეიტელთა ბასრ მსროლელს. მთლიანობაში კი ზაზამ 5 პასი მოაგროვა, რასაც 5 მოხსნა, 3 ჩაჭრა, 3 ქულა და 1 დაფარება მოაყოლა.
ოკლენდელთა ქართველმა ცენტრმა 2-დან 1 საჯარიმო და 3-დან 1 ორქულიანი ჩააგდო. ის ერთიც ზაზამ ეფექტური გდებით, სტეფ კარისგან მიღებული პასის შემდეგ მიითვალა. რამდენიმე წამის წინ მას ჩატენვა გაუცუდდა და ანალოგიური შესვლა ლამაზი გდებით დააგვირგვინა, რამაც მაყურებლებში და მასპინძელთა სათადარიგოთა სკამზე ხმაურიანი ოვაცია გამოიწვია. ფაჩულიამ მთლიანობაში 8 წუთი ითამაშა, რა დროშიც, სტატისტიკიდანაც ჩანს, ძალიან აქტიური და შედეგიანი გახლდათ.
სხვა რა შეიძლება ითქვას ამ მატჩზე – „გოლდენ სტეიტმა“ მეტოქე პირწმინდად დაჩაგრა და მეოთხე პერიოდში ასპარეზი სათადარიგოებს დაუთმო. სტივ კარის შეეძლო, კლეი ტომპსონი მესამე პერიოდშიც დაეტოვა მოედანზე და მთელი ბოლო პერიოდიც ეთამაშებინა – ამ შემთხვევაში „მეომართა“ სნაიპერს ეგებ 80 ქულაც გადაეფარა, მაგრამ არა: ოკლენდელთა მწვრთნელი საკუთარ პროფესიონალურ გეგმას დაემორჩილა და ტომპსონი 29-წუთიანი ზეშედეგიანი დომინირების შემდეგ მოედნიდან სბოლოოდ გაიხმო.
17 მოგებითა და 3 წაგებით „გოლდენ სტეიტი“ ლიგის ერთპიროვნული ლიდერია და მას 1 მოგებით ჩამორჩება თანაშტატელი „კლივლენდი“. 8 დეკემბერს სწორედ ეს გუნდები შეხვდებიან ერთმანეთს ლოს ანჯელესში.
GBF.GE