ჰიკმანის 26 ქულა მილანში და “მაკაბის” გამარჯვება ოვერტაიმში
რიკი ჰიკმნის წინამძღოლობით თელ ავივის “მაკაბიმ” მილანში “ემპორიო არმანი” დამატებით დროში – 101:99 დაამარცხა და ევროლიგის მეოთხედფინალურ სერიაში 1:0 დაწინაურდა. თელავიველებმა მოედნის უპირატესობა მოიპოვეს და ოთხთა ფინალში გასვლის მეტოქეზე უკეთეს სიტუაციაში არიან.
ჰიკმანმა არა მხოლოდ მილანში გამართული მატჩის საუკეთესო შედეგი დააფიქსირა. ქართული პასპორტის მქონე ამერიკელს მეოთხედფინალური სერიის საწყის შეხვედრებში საუკეთესო მარგი ქმედების კოეფიციენტი აღმოაჩნდა და სავარაუდოდ, ტურის უძვირფასესი მოთამაშის ტიტულს დაისაკუთრებს.
“მაკაბიმ” მილანელებს თითქმის უიმედო მატჩი შემოუტრიალა. მასპინძლები მთელი შეხვედრის განმავლობაში ლიდერობდნენ, ხოლო როცა მატჩის დასრულებამდე 1:55 წუთი რჩებოდა, მათმა უპირატესობამ 12-ს მიაღწია. დარჩენილ მცირე დროში თელავიველებმა მცირე სასწაული მოახდინეს. რიკი ჰიკმანისა და ტაირის რაისის წინამძღოლობით აღნიშნული მონაკვეთი 15:3 მოიგეს და თამაში ოვერტაიმში გადაიყვანეს, სადაც ფსიქოლოგიურად უკეთეს განწყობაზე მყოფმა სტუმრებმა იმარჯვეს.
ჰიკმანმა 32:36 წუთი ითამაშა და 9-დან 9 საჯარიმო, 3-დან 3 სამიანი და 7-დან 4 ორქულიანი ჩააგდო. ჯამში მოგროვებულ 26 ქულას რიკიმ 4 მოხსნა, 3 პასი და 1 ჩაჭრა მოაყოლა. რაისის და სოფოკლის შორცანიდისის ანგარიშზე 17-17 ქულა დაგროვდა.
ეს გუნდები სერიის მეორე შეხვედრას კვლავ მილანში, 18 აპრილს გამართავენ.
gbf.ge