ჰიკმანის “მაკაბიმ” “მილანი” დაამარცხა და ევროლიგის ოთხთა ფინალს მიუახლოვდა
საქართველოს ნაკრებში გასულ ევრობასკეტზე ნათამაშევი რიკი ჰიკმანი “მაკაბის” ევროლიგის ოთხთა ფინალისკენ მიუძღვის. მეოთხედფინალური სერიის მე-3 მატჩში თელავიველებმა მილანურ “ემპორიო არმანის” უმასპინძლეს და ზედმეტი გართულებების გარეშე – 75:63 მოუგეს.
ჰიკმანი მაკაბელთაგან ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ქართულპასპორტიანმა ამერიკელმა 28 წუთი ითამაშა, რის განმავლობაშიც 8-დან 5 ორქულიანი და 6-დან 5აჯარიმო ჩააგდო, 1 სამიანი კი ააცილა. ჰიკმანმა მთლიანობაში 15 ქულა, 6 პასი და 3 მოხსნა დააგროვა და საერთო სარგებლიანობით სულ მცირედით ჩამორჩა თანაგუნდელ ალექს ტაიუსს. ამ უკანასკნელმა 21:40 წუთში 14 ქულა, 8 მოხსნა და 2 დაფარება მიითვალა.
ამ გამარჯვების შემდეგ “მაკაბი” სერიაში 2:1 დაწინაურდა და ოთხთა ფინალში გასვლამდე, რომელიც სხვათა შორის მილანში უნდა გაიმართოს, 1 მოგებაღა აკლია. შემდეგი მატჩი 23 აპრილს კვლავ თელ ავივში გაიმართება.
gbf.ge