,,ჰიუნდაიმ’’ ,,აკადემიას’’ შანსი არ დაუტოვა
20-წლამდელთა ჩემპიონატში მორიგი გამარჯვება მოიპოვა “ჰიუნდაიმ”, რომელმაც “აკადემიას” 79:55 სძლია. ანგარიში სრულად ასახავს იმ უპირატესობას, რომელსაც ჰიუნდაელები ამ მატჩში ფლობდნენ.
“ჰიუნდაი” მთავარი მწვრთნელის გარეშე თამაშობდა. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილმა 1999-წლიანთა ნაკრები თურქულ შეკრებაზე წაიყვანა და “ჰიუნდაის” მისი ასისტენტი ლაშა თოიძე წინამძღოლობდა. თამაში თანაბრად დაიწყო, თუმცა ჰიუდნაელებმა მალევე მოიპოვეს უპირატესობა. შედეგიანად თამაშობდა ალექსანდრე ბოლქვაძე, რომელმაც საბოლოოდ 31 ქულა მოიპოვა და თავისი გუნდის გამარჯვებაში გამორჩეული წვლილი შეიტანა.
“ჰიუნდაის” დაუბრუნდა კახა ტომარაძე, რომლის გააზრებულმა თამაშმა გუნდს ის რთული ეპიზოდი გადაატანინა, რომელიც მე-3 პერიოდში დაუდგა. აღნიშნულ მეოთხედში აკადემიელებმა თამაში დაალაგეს და ჩამორჩენა 10 ქულამდე შეამცირეს, მაგრამ გადამწყვეტი უპირატესობის მოსაპოვებლად ძალები აღარ ეყოთ.
ბოლო მეოთხედში “ჰიუნდაიმ” 25:13 იმარჯვა და საკუთარ გამარჯვებას დამაჯერებელი სახე მისცა. ბოლქვაძის კვალზე 16 ქულა ჰქონდა სანდრო სანაძეს, ხოლო ტომარაძემ პირად ანგარიშზე 10ქულა ჩაიწერა. აკადემიელთაგან 13 ქულით ბომბარდირი საბა ჯაყელი გახდა, გიორგი თვდორაშვილმა კი თავის გუნდს 11 ქულა შესძინა.
მატჩისშემდგომი კომენტარები
ლაშა თოიძე(“ჰიუნდაის” მწვრთნელი):ჩვენი გუნდის თამაშით კმაყოფილი ვარ. ბიჭებმა მობილიზებით ითამაშეს როგორც დაცვაში, ისე შეტევაში. კარგად ვითამაშეთ კონტრშეტევებზე და მეტოქეს ძირითადად ამ კომპონენტში ვაჯობეთ. დიდი დახმარება გაგვიწია კახა ტომარაძემ, რომელსაც ტრავმის გამო ბევრი დრო გაუცდა.
ირაკლი ტომარაძე(“აკადემიის” მწვრთნელი): ცუდად ვითამაშეთ, გუნდს ენთუზიაზმი და მობილიზება აკლდა. ჩვენს თამაშს დაღი აცილებულმა საჯარიმოებმა დაასვა. 41 ცდიდან მხოლოდ 17 საჯარიმო ჩავაგდეთ და ასეთ პირობებში წარმატებაზე საუბარი ზედმეტია.