ჰიუნდაიმ სოხუმს მე-9 მარცხი აგემა
სოხუმის” 20-წლამდელთა გუნდს, რომელიც გასული სეზონის ჩემპიონია, მიმდინარე ჩემპიონატში მოგება ჯერაც არ მოუპოვებია. თემურ კანკიას და ლიკა ქაჯაიას გუნდმა დღეს მე-9 მატჩი წააგო. სოხუმელთა მეტოქე “ჰიუნდაი” იყო, რომელმაც რიგით მე-6 გამარჯვება მოიპოვა და ცხრილში მეორე ადგილზე გადაინაცვლა.
თუ არ ჩავთვლით მე-3 მეოთხედს, შეხვედრა “ჰიუნდაის” დიდი უპირატესობით მიმდინარეობდა. ნიკო ჩერქეზიშვილის გაწვრთნილმა ჰიუნდაელებმა პირველი მეოთხედი 24:8 იმარჯვეს და ამ სოლიდურ უპირატესობას დიდი შესვენებისთვის კიდევ 6 ულა წაამატეს. მესამე პერიოდი “ჰიუნდაის” 22-ქულიანი ლიდერობით გაიხსნა, თუმცა სოხუმელებმ ერთ ეპიზოდში თამაში გამოასწორეს და ჩამორჩენის შემცირება შეძლეს.
ბოლო პერიოდის ახალდაწყებულზე გურამ კენჭიაშვილის ზუსტი 3-ქულიანის შემდეგ სოხუმელები მეტოქეს 10 ქულით მიუახლოვდნენ (45:55), მაგრამ როგორც აღმოჩნდა, ეს იყო მათი მაქსიმუმი. “ჰიუნდაიმ” სრულ მოედანზე კონტროლი დაამყარა და მატჩი გამარჯვებამდე უპრობლემოდ მიიყვანა – 71:54.
გამარჯვებულთაგან გამოსარჩევია სანდრო ბოლქვაძის 22 ქულა, ასევე ლუკა ბულიავას ორმაგი დუბლი – 14 ქულა, 13 მოხსნა. სოხუმელთა შორის 25 ქულით საუკეთსო გურამ კენჭიაშვილი იყო.
მატჩისშემდგომი კომენტარები
თემურ კანკია(,,სოხუმის’’ მთავარი მწვრთნელი): ძალიან ცუდად დავიწყეთ. მართალია, მესამე პერიოდში გამოვასწორეთ თამაში, თუმცა ფარი პირწმინდად წავაგეთ და ამან დიდწილად განაპირობა ჩვენი მარცხი. მივულოცავ ,,ჰიუნდაის’’ მოგებას, გვაჯობეს და დამსახურებულად გაიმარჯვეს. შემადგენლობაში პრობლემები გვაქვს და ვნახოთ, რამდენად მოვახერხებთ მეორე წრეშივე ამ პრობლემების მოგვარებას.
ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი(,,ჰიუნდაის’’ მთავარი მწვრთნელი): ძალიან უკმაყოფილო ვარ, ბიჭები აგდებულად მიუდგნენ ამ თამაშს და ასე თუ გავაგრძელეთ, ფინალამდე ვერ მივალთ. დღევანდელ თამაშში ვერავის გამოვარჩევდი.