იგორ კოკოშკოვი: “არც ერთი მეტოქე არაა სუსტი და იოლად დასამარცხებელი”
ეროვნული ნაკრების ვარჯიშის დასრულების შემდეგ კომენტარი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, იგორ კოკოშკოვმა გააკეთა.
„ჩეხეთი საკმაოდ ძლიერი გუნდია, რომელსაც ბოლო წლებში რამდენჯერმე ვეთამაშეთ. 3 წლის წინ ჩეხებს შევხვდით ტალინში, ამხანაგურ მატჩში და დაძაბულ ბრზოლაში გავიმარჯვეთ. ბოლოს ჩეხეთს ევროპის ჩემპიონატზე შევხვდით. ამ ნაკრებში კარგად არიან შერწყმულნი ახალგაზრდა და გამოცდილი მოთამაშეები. მიზანდასახულები არიან და იციან, კონკრეტული მეტოქის წინააღმდეგ როგორ ითამაშონ. ჩვენი გუნდი მთელი მონდომებით ემზადება ჩეხეთთან თამაშისთვის…
– სამწუხაროდ, ახლაც გვაკლია რამდენიმე წამყვანი მოთამაშე. ჩვენი ნაკრები სულ ასეა, ხან ვინმეა დაშავებული, ოპტიმალური შემადგენლობა თითქმის არასდროს გვყოლი. ამიტომაც არიან გუნდში ახალი, ახალგაზრდა მოთამაშეები, რომლებსაც თანდათან მეტი და მეტი შანსი ეძლევათ. ამიტომ მინდა მასმედიამ უფრო მეტი ილაპარაკოს არა იმ კალათბურთელებზე, რომლებიც გვაკლია, არამედ მათზე, რომლებიც გუნდში არიან…
– არც ერთი მეტოქე არაა სუსტი და იოლად დასამარცხებელი. თუნდაც პორტუგალიასთან და უნგრეთთან ვერ მოიგებ, თუ მაქსიმუმი არ გაიღე. პორტუგალიელებმა უნგრეთის ძლევით დაამტკიცეს საკუთარი შესაძლებლობები, უნგრეთმაც თავის მხრივ რამდენიმე ძლიერ მეტოქეს მოუგო მოსამზადებელ მატჩში. ასე რომ არც ერთ მეტოქეს არ გამოვყოფდი ძლიერისა ან სუსტის ნიშნით“.
gbf.ge