იგორ კოკოშკოვი: „შევეცადე, ყველა მოთამაშისთვის სათამაშო დრო თანაბრად გამენაწილებინა“
საქართველოსა და რუმინეთის ეროვნული გუნდების მატჩის შემდეგ მაკედონიაში შევეხმიანეთ და კომენტარი ვთხოვეთ ჩვენი ნაკრების მთავარ მწვრთნელს, იგორ კოკოშკოვს და მის ასისტენტ კოტე ტუღუშს…
იგორ კოკოშკოვი:
„პირველი მატჩის კვალობაზე ურიგოდ არ გვითამაშია, მაგრამ მთლიანობაში მაინც არ ვარ კმაყოფილი. ბევრი შეცდომა დავუშვით დაცვაში და კარგად დავინახეთ ის კომპონენტები, რაზეც გვმართებს მუშაობა. ეს იყო მოსამზადებელი მატჩი და შედეგზე არ ვიყავით ორიენტირებულნი. შევეცადე, ყველა მოთამაშისთვის სათამაშო დრო თანაბრად გამენაწილებინა, რათა მათი შესაძლებლობები დამენახა. ხვალ და ზეგ საკმაოდ სერიოზული მეტოქეებს ვხვდებით და იმ მატჩებში მეტად დავინახავ ჩვენს გუნდს რა სჭირდება“.
კოტე ტუღუში:
„რუმინეთის დამარცხებაზე მეტად ის უფრო მისასალმებელია, რომ ამ შეხვედრაში მთავარ მწვრთნელს მიეცა შესაძლებლობა, ნაკრების წევრები საქმეში გამოეცადა. დაცვაში გვაქვს პრობემები, რომლებზეც უნდა ვიმუშაოთ და ყველაფერი გავაკეთოთ, რომ 10 აგვისტოსთვის ყველა მინუსი გამოვასწოროთ, ან მინიმუმამდე დავიყვანოთ. ახლა მაკედონიისა და ავსტრიის მატჩს ვადევნებთ თვალს. ავსტრიამ რამდენიმე დღის წინ სპარინგ–მატჩში ევროშესარჩევზე ჩვენს მომავალ მეტოქე ჩეხეთს მოუგო. ამ წუთებში მეორე მეოთხედი მიმდინარეობს და მაკედონია ავსტრიას 8 ქულით უგებს. ასე რომ ხვალ კიდევ უფრო საინტერესო მატჩი გველის, რომელიც ჩვენი გუნდის უარყოფითი მხარეების გამოსავლენად საკმაოდ ნაყოფიერი იქნება“.
GBF.GE