ილიას ზუროსი: “ყველა ძალიან მონდომებულია, მაგრამ დრო ცოტაა”
ავსტრიასთან დაპირისპირებამდე საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ვენის “შვეგხარტ არენაზე” ბოლო ვარჯიში მატჩის წინა დღეს, 22 თებერვლის საღამოს ივარჯიშა. ილიას ზუროსმა მატჩის დღის დილის ვარჯიში გააუქმა და მთავარი სამუშაო გუნდთან წინა საღამოს გასწია. გუნდს შემომატებულ მაიკლ დიქსონთან ერთად ბერძენმა სპეციალისტმა გუნდი კომბინაციებში, სროლებში და რა თქმა უნდა, დაცვაში ავარჯიშა.
ნაკრების წევრებმა 5-5-ზე კალათბურთი როგორც ცალ, ისე ორივე ფარში ითამაშეს. ვარჯიში საათნახევარს გაგრძელდა და მის შემდეგ მთავარმა მწვრთნელმა კომენტარი გააკეთა.
ილიას ზუროსი: “კმაყოფილი ნამდვილად არ ვარ. ვუყურებთ ჩვენს მეტოქეს, მაგრამ ჩვენ ჩვენი ვიკითხოთ. არ გვაქვს დრო გუნდი სათანადოდ მოვამზადოთ. მაშინ, როდესაც ავსტრიის ნაკრები ხუთი წლის განმავლობაში თითქმის ერთი და იმავე შემადგენლობით თამაშობს, ჩვენ ახალი გუნდი გვყავს.
კალათბურთელებისადმი მადლობის მეტი არაფერი მეთქმის – ისინი ძალიან მონდონმებულები არიან, ვარჯიშებზე თავს არ ზოგავენ, ჩვენს მითითებებს კარგად ასრულბენ, მაგრამ რაოდენ მონდომებულიც უნდა იყო, შეთამაშებისთვის ერთი და ორი დღე საკმარისი არ არის. გუნდი ორ დღეში არ იქმნება.
ფიბას მიერ შესარჩევი სისტემის ახალი ფორმატის შექმნამ გუნდთან სრულყოფილად მუშაობის შესაძლებლობა მოგვისპო”.
მაიკლ დიქსონი: “ვეთამაშებით ავსტრიის ნაკრებს, თან სტუმრად. ვიცი, რომ კარგი გუნდია, თუმცა ჩვენც არ ვართ ნაკლებები. მოხარული ვარ, რომ საქართველოს ნაკრებში კვლავ მომიწევს თამაში და ჩემი მხრიდან, ვეცდები, გუნდს მაქსიმალურად დავეხმარო“.