ილიას ზუროსმა ეროვნული ნაკრების კანდიდატები და ახალი ასისტენტები დაასახელა
საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირისთვის მზადებას იწყებს. ეროვნული გუნდის შეკრება 16 თებერვალს, თბილისის სპორტის სასახლეში დაიწყება, ხოლო პირველ მატჩს ილიას ზუროსის გაწვრთნილი საქართველოს ნაკრები 20 თებერვალს, შვეიცარიასთან გამართავს.
ჩვენი ეროვნული გუნდის თავკაცმა 24 კანდიდატი დაასახელა, საიდანაც შეკრების დაწყებამდე სამწვრთნელო შტაბთან ერთად იმ კალათბურთელებს შეარჩევს, რომლებიც 16 თებერვალს ვარჯიშს შეუდგებიან.
შერჩევა მოხდება შემდეგი 24 კანდიდატიდან:
გიორგი ცინცაძე, რატი ანდრონიკაშვილი, ლუკა ზაქრაძე, ოთარ ფხაკაძე, მაიკლ დიქსონი, თად მაკფადენი, ლუკა ბულაშვილი, მერაბ ბოქოლიშვილი, საბა ლობჯანიძე, სანდრო სანაძე, ირაკლი სულხანიშვილი, ნიკა გაფრინდაშვილი, დუდა სანაძე, დავით კაკუშაძე, მიხეილ ბერიშვილი, გიორგი კორსანტია, ალექსანდრე ფევაძე, ნიკა დარბაიძე, ბექა ბურჯანაძე, ბექა ბექაური, აკაკი დვალიშვილი, ილია ლონდარიძე, გიორგი შერმადინი, გიორგი ტურძილაძე.
წინასწარ არაა ცნობილი, რამდენი მოთამაშით დაიწყებს ზუროსის გუნდი შეკრებას – საბოლოო რაოდენობა 14 და 15 თებერვალს დაგეგმილი სუპერლიგის მე-13 ტურის დასრულების შემდეგ დადგინდება. ფიბა-სა და ევროლიგას შორის დაულაგებელი ურთიერთობის გამო საკუთარი ქვეყნის ნაკრებებში ვერ იასპარეზებენ ევროლიგის გუნდებში მოთამაშე კალათბურთელები. ამის გამო ჩვენს ნაკრებს ვერ დაეხმარება ესპანური ბასკონიას კაპიტანი თორნიკე შენგელია. ზუროსი ასევე ვერ გამოიყენებს ამერიკის ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში მოთამაშე გოგა ბითაძეს და სტუდენტური ლიგის (NCAA) ქართველებს.
სიახლეა საქართველოს ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბში, რომელსაც 2 ახალი წევრი ეყოლება: ეროვნული ნაკრების ყოფილი მოთამაშეები – მანუჩარ მარკოიშვილი და ანატოლი ბოისა. ბოისა სუპერლიგის “რუსთავის” მთავარი მწვრთნელია, ხოლო მარკოიშვილი “ტიტების” სამწვრთნელო შტაბში მუშაობს. წინა წლების მსგავსად, ილიას ზუროსის ასისტენტები იქნებიან სერბი მილოშ გლიგორიევიჩი და ბერძენი გეორგიოს (ჯორჯ) ლიმნიატისი. ნაკრების ფიზმომზადებაზე კვლავ ირაკლი შიოშვილი იზრუნებს, ხოლო სამედიცინო კუთხით ეროვნულ გუნდს დიდი გამოცდილებისა და სტაჟის მქონე პერსონალი მოემსახურება ექიმ თემურ ხვედელიძისა და ფიზიოთერაპისტ ზურა სულეიმანაშვილის სახით.
საქართველოს ნაკრები 16, 17, 18 და 19 თებერვალს ვარჯიშებს სპორტის სასახლეში გამართავს, რის შედეგადაც საბოლოოდ შეირჩევა გუნდის ძირითადი, 12-კაციანი შემადგენლობა, რომლითაც 20 თებერვალს თბილისში შვეიცარიას, 23 თებერვალს კი ბელგრადში – სერბეთს დავუპირისპირდებით.
მოგეხსენებათ, საქართველო 2021 წლის ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპს გერმანიასთან, იტალიასთან და ჩეხეთთან ერთად მასპინძლობს. ამ მიზეზით ოთხივე ქვეყანას ევრობასკეტის საგზური მოპოვებული აქვს, თუმცა ფიბა-ევროპის გადაწყვეტილებით, საქართველოც, გერმანიაც, იტალიაც და ჩეხეთიც საკვალიფიკაციო ტურნირში მონაწილეობას მიიღებენ, რათა ევროპირველობას უკეთ მომზადებულები შეხვდნენ.
მთლიანობაში ევრობასკეტ 2021-ის საკვალიფიკაციო ტურნირში 32 გუნდი მონაწილეობს, რომლებიც 8 ჯგუფში არიან გადანაწილებულნი. საქართველო E ჯგუფშია სერბეთთან, ფინეთთან და შვეიცარიასთან ერთად. ევრობასკეტის 24 საგზურიდან, როგორც ვთქვით, 4 დაბევებული აქვთ საქართველოს, გერმანიას, იტალიასა და ჩეხეთს. დარჩენილი 20 საგზურისთვის საკვალიფიკაციო ტურნირის 28 მონაწილე იბრძოლებს. იმ 4 ჯგუფიდან, რომლებშიც მომავალი ჩემპიონატის მასპინძლები არ არიან, ევრობასკეტის საგზურს 3-3 საუკეთესო გუნდი მოიპოვებს. საქართველოს, ჩეხეთის, გერმანიისა და იტალიის ჯგუფებიდან კი ევრობასკეტზე 2-2 საუკეთესო გავა.
ევრობასკეტ 2021-ის საკვალიფიკაციო ტურნირში 3 სათამაშო ფანჯარაა: მიმდინარე თებერვალში, მომავალ ნოემბერს და 2021 წლით თებერვალს. თითოეული ფანჯრის ფარგლებში საკვალიფიკაციოს ყველა მონაწილე 2-2 მატჩს გამართავს (იხილეთ ქვემოთ წარმოდგენილი განრიგი).
მომავალი მატჩები წარმოადგენს ევრობასკეტ 2021-სთვის შესარჩევ ეტაპს, რომლის განმავლობაშიც არაერთი ახალგაზრდა მოთამაშე ვეტერან კალათბურთელებთან ერთად დაიცავს ეროვნული ნაკრების ღირსებას და ქართველი გულშემატკივრის მხარდაჭერა, როგორც ყოველთვის, დიდი სტიმული იქნება მათი წარმატებისთვის.
საქართველო-შვეიცარიის 20 თებერვალს გასამართ მატჩზე ბილეთების ონლაინ-გაყიდვა უკვე დაიწყო და მათი შეძენა შეგიძლიათ ამ ბმულზე: ➡ tkt.ge.basketball
GBF.GE