ილიას ზუროსმა საქართველოს ეროვნული ნაკრებისთვის 24 კანდიდატი შეარჩია
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირისთვის მზადება დაიწყო. მთავარმა მწვრთნელმა, ილიას ზუროსმა 24 კანდიდატი დაასახელა, რომელთაგან ნოემბრის საკვალიფიკაციო მატჩებისთვის 12-ს შეარჩევს.
არაერთ ახალბედასთან ერთად, ეროვნულ ნაკრებში გამოძახებულნი არიან ევროლიგის მოთამაშეები – გიორგი შერმადინი (უნიკახა, ესპანეთი) და თორნიკე შენგელია (ბასკონია, ესპანეთი). საქართველოს ნაკრებთან თანამშრომლობა გააგრძელა ამერიკელმა მაიკლ დიქსონმა, რომელიც საქართველოს პასპორტს ფლობს და ჩვენი ეროვნული ნაკრების ღირსებას ბოლო 2 წელია, იცავს. ნაკრების გაფართოვებულ შემადგენლობას აღნიშნულ პრეს-რელიზში გაეცნობით.
ცვლილებები განხორციელდა სამწვრთნელო შტაბში. გასული ევრობასკეტის შემდეგ ამოწურული კონტრაქტები არ გაუხანგრძლივდათ მთავარი მწვრთნელის ასისტენტებს – იურიცა გოლემაცს, ირაკლი ხოშტარიას და კოტე ტუღუშს. ილიას ზუროსის გადაწყვეტილებით მათი ადგილები დაიკავეს „ოლიმპის“ მწვრთნელმა, დავით როგავამ და ბერძენმა სპეციალისტმა გეორგიოს ლიმნიატისმა. ეს უკანასკნელი პროფესიონალი კალათბურთელი იყო და საბერძნეთის ეროვნულ ნაკრებშიც გამოდიოდა. მოთმაშის კარიერის დასრულების შემდეგ ლიმნიატისმა მუშაობა მწვრთნელად დაიწყო. გასულ სეზონში ის ბერძნული პაოკ-ის მთავარი მწვრთნელის ასისტენტი გახლდათ. სამწვრთნელო შტაბში, ასისტენტის პოზიციაზე მუშაობას აგრძელებენ უცხოელი სპეციალისტები – სერბი მილოშ გლიგორიევიჩი და ხორვატი ტიჰომირ ბუიანი.
შეიცვალა ფიზმომზადების მწვრთნელიც. დამსახურებული ავთო ბერიძის ადგილი ახალგაზრდა სპეციალისტმა – ირაკლი შიოშვილმა დაიკავა. ბერიძე მუშაობას საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებში გააგრძელებს. ექიმთა შტაბს კვლავინდებურად თემურ ხვედელიძე უხელმძღვანელებს, რომელსაც ზურა სულეიმანაშვილი დაეხმარება.
საქართველოს ეროვნული ნაკრები გაფართოებული შემადგენლობით ვარჯიშს 12 ნოემბერს, „დინამოს“ საწვრთნელ ბაზაზე შეუდგა. ილიას ზუროსი გუნდს 20 ნოემბრამდე ავარჯიშებს, რის შემდეგაც ჩვენი ნაკრები გერმანიაში გაემგზავრება და 24 ნოემბერს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის პირველ მატჩს გამართავს. საქართველოს ნაკრები გერმანიიდან ბელგრადში გადაინაცვლებს და ფიბას მიერ გამოყოფილი სანაკრებო ფანჯრის მეორე შეხვედრას გასული ევრობასკეტის ვერცხლისმედალოსან სერბეთთან გამართავს.
შეგახსენებთ, შესარჩევ ჯგუფში საქართველოს, გერმანიისა და სერბეთთან ერთად ავსტრიაც გახლავთ. მომდევნო ეტაპზე 3 საუკეთესო ნაკრები გადის. ფიბას მიერ დაწესებული მომდევნო სანაკრებო ფანჯრები თებერვალში და ივნის-ივლისშია დაგეგმილი.
GBF.GE