ინდიანაში მოგებულ მატჩში ფაჩულიამ 6 ქულა და 7 მოხსნა მიითვალა
„გოლდენ სტეიტ უორიორსმა“ ზედიზედ მე-9 მატჩი მოიგო. ზაზა ფაჩულიას გუნდმა ამჯერად ინდიანაში იმარჯვა, სადაც ადგილობრივი „პეიზერსი“ 37 ქულით – 120:83 გაანადგურა. ამით ოკლენდელებმა 4-მატჩიანი გასვლითი ტურნე დაასრულეს, რომლის განმავლობაშიც ტორონტოში, ბოსტონში, მილუოკიში და ინდიანაში იმარჯვეს.
ფაჩულია ტრადიციულად, სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე მხოლოდ 14 წუთი გაატარა, რაც ქართველმა ცენტრმა საკმაოდ ნაყოფიერად გამოიყენა. ზაზამ 4-დან 2 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. 6 ქულას მან 7 მოხსნა და 1 პასი მოაყოლა, 1 ჯარიმა მიიღო და ბურთი არ დაუკარგავს.
თამაში იმდენად „ცალფარა“ იყო, რომ მოედანზე გოლდენსტეიტელთა ყველა კალათბურთელი გამოჩნდა. შესაბამისად, სასტარტოები დიდად არ დატვირთულან და ბოლო პერიოდში მათგან მოედანზე არავინ გამოჩენილა. მატჩის ბედი გარკვეული იყო და სტივ კერიმ ასპარეზი სათადარიგოებს დაუთმო.
საბოლოოდ ოკლენდელთაგან საუკეთესო შედეგი კლეი ტომპსონმა დააფიქსირა, რომელმაც 26 წუთში 25 ქულა მიითვალა. 22 ქულა და 6 პასი ჰქონდა სტეფ კარის, ხოლო კევინ დურანტმა 27 წუთში 14 ქულა, 11 მოხსნა და 6 პასი მოაგროვა.
12 მოგებითა და 2 მაცხით „გოლდენ სტეიტი“ „კლიპერსთან“ ერთად დასავლეთ კონფერენციას ლიდერობს. 24 ნოემბერს ოკლენდელები „ლოს ანჯელეს ლეიკერსს“ უმასპინძლებენ, რომელთანაც ამ სეზონში შინ წაგება აქვთ და რევანშის ასაღებად არიან მომართულები.
GBF.GE
მიმოხილვა