ინტერვიუ ნიკა რამიშვილთან
სუპერლიგაში ცოტანი არიან ახალგაზრდა კალათბურთელები, რომლებიც თავიანთი გუნდის ძირითად ხუთეულში თამაშობენ. ეროვნული ჩემპიონატის ერთ-ერთი გამორჩეული ახალგაზრდა ნიკა რამიშვილია (მეტსახელად „პიტკინა“), რომელიც ნახევარფინალში გასული “ბათუმის” ძირითადშია და იმის ფონზე, რომ გუნდში 5 ლეგიონერია, საკმაო შედეგიანობით გამოირჩევა. რამიშვილი 20-წლამდელთა ნაკრების წევრია, ხოლო როცა 13 წლის იყო, საქართველოს ჩემპიონატის ერთ-ერთ შეხვედრაში 100-ქულიან ზღვარს გადააჭარბა.
– როგორ შეაფასებდი სუპერლიგის 2013-2014 წ,ლების სეზონს?
ჩემი აზრით, წლევანდელი სეზონი შედარებით სუსტი იყო გამომდინარე იქიდან, რომ ბევრ გუნდს ლეგიონრები არ ჰყავს. თანაც, მხოლოდ 9 გუნდი მონაწილეობდა ჩემპიონატში. შარშან 11 გუნდი ასპარეზობდა და მეტი თამაში გვქონდა, ეს გამოცდილების და პრაქტიკისთვისაც უკეთესი იყო და მაყურებლებისთვისაც გაცილებით საინტერესო იყო ლეგიონრებით გაძლიერებული გუნდების შეხვედრებზე სიარული. წელს რამდენიმე გამოკვეთილად სუსტი და პირიქით, რამდენიმე განსაკუთრებით ძლიერი გუნდი იყო. ფაქტობრივად, არ იყო რთული იმ გუნდების განსაზღვრა, რომლებიც პლეი ოფში გავიდოდნენ, 4-5 გუნდი თავიდანვე გამოირჩეოდა.
როგორი სეზონი იყო შენი გუნდისთვის? როგორ შეაფასებდი პლეი ოფში ბათუმის შანსებს?
მესამე წელია ბათუმში ვთამაშობ და ასეთი კარგი სეზონი გუნდს ჯერ არ ჰქონია. 5 ლეგიონერი დავიმატეთ, ნემანია მიშკოვიჩი რამდენიმე დღის წინ შემოგვიერთდა. ლეგიონრებთან კარგი ურთიერთობა გვაქვს, თამაშითაც შევეწყვეთ. გუნდი ძალიან გაძლიერდა და ნამდვილად შედეგიანი სეზონი გვაქვს. ნახევარფინალში გავედით და საუკეთესო ოთხეულში ვართ. დიდი სურვილი გვაქვს ფინალი ვითამაშოთ, თუმცა ძალიან ძლიერი მეტოქე შეგვხვდა ,,დინამოს’’ სახით.
– რას იტყვი 20-წლამდელთა ნაკრების შანსებზე მომავალ ევროპის ჩემპიონატზე?
წელს ჩვენთვის 20-წლამდელთა ნაკრებში ბოლო წელია და ვფიქრობ, ძალიან დიდი შანსები გვაქვს. უკვე მე-5 წელია ეს ასაკი ერთად მოვდივართ, პირველად 16-წლამდელთა ნაკრებს გვქონდა წარმატების ყველაზე დიდი შანსი, მაშინ ნახევარფინალში გადასასვლელი თამაში წავაგეთ. ჩემი აზრით, წელს ყველაზე პერსპექტიული ნაკრები გვეყოლება, ბიჭები ერთმანეთთან შეთამაშებულები ვართ, კარგი ურთიერთობა გვაქვს და იმედია, ჯგუფიდან გასვლას მოვახერხებთ. დიდი სურვილი გვაქვს ფინალიც ვითამაშოთ და ,,ა’’ დივიზიონში დავბრუნდეთ.
როდის და სად დაიწყე კალათბურთის თამაში?
კალათბურთის თამაში 6 წლის ასაკში ბათუმში დავიწყე, პირველი მწვრთნელი ალეკო გოგოტიშვილი იყო. თავიდან სერიოზულად გაგრძელებაზე არ ვფიქრობდი, მშობლებმა სპორტზე იმიტომ მიმიყვანეს, რომ გარეთ დიდი დრო არ გამეტარებინა. თუმცა კალათბურთი ბავშვობიდან ძალიან მიყვარდა. შემდეგ, როგორც აღმოჩნდა, ნიჭიც მქონია და თამაში უკვე სერიოზულად გავაგრძელე.
– როგორია სპორტსმენის ყოველდღიური ცხოვრება?
დღეში 2-ჯერადი ვარჯიშები გვაქვს. დილით ტრენაჟორებზე მივდივარ, შუადღეს ვისვენებ და საღამოს ისევ ვვარჯიშობ. თუ სპორტი გიყვარს და გინდა ამ საქმეს ბოლომდე მიყვე, ბევრ რამეზე უნდა თქვა უარი – გართობა, კლუბები, ღამის ცხოვრება და ა.შ. უნდა დაივიწყო. სწავლაზეც კი მომიწია თავის დანებება. სპორტსმენის რეჟიმი ძალიან განსხვავდება რიგითი ადამიანის ყოველდღიურობისგან, სხვანაირად არ გამოდის.
– რომელი თამაში გახსენდება ყველაზე ემოციურად?
ყველაზე ემოციურად არა რომელიმე გამარჯვება, არამედ მარცხი მახსოვს. 16-წლამდელთა ნაკრებმა ჰოლანდიასთან წავაგეთ და ნახევარფინალში ვერ გავედით, არადა ძალიან კარგი შანსები გვქონდა. ყველაზე ცუდად სწორედ ის თამაში მახსენდება.
– რას გვეტყვი შენს სამომავლო გეგმებზე?
დიდი სურვილი მაქვს თამაში საზღვარგარეთ გავაგრძელო. გარკვეული შანსები და შემოთავაზებები არის. იმედია, ყველაფერი გამოვა და მოვახერხებ ჩემი მიზნების მიღწევას.
– შენი აზრით, რა აკლია ეროვნულ ჩემპიონატს ყველაზე მეტად?
ჩემპიონატს ბევრი არაფერი აკლია, ვფიქრობ, ბევრი რამ გამოსწორებული და განვითარებულია, ლეგიონრებიც გვყავს, თუმცა უკეთესი იქნება, მათი ჩამოყვანის შესაძლებლობა ყველა გუნდს ჰქონდეს. ლეგიონრებისგან ბევრს სწავლობ, კონკურენციაც იზრდება. ჩემს პოზიციაზე გუნდში ძალიან ძლიერი მოთამაშე გვყავს, კანადის ნაკრების წევრია და მისგან ბევრი რამ შევიძინე, ერთხელ რომ მოგატყუებს, ცდილობ, მეორედ იგივე შეცდომა აღარ დაუშვა, იზრდები, ვითარდები. როცა ერთად ვვარჯიშობთ, ვცდილობ, გავუთანაბრდე და მისგან ბევრი რამ ავითვისო. ახალგაზრდა მოთამაშეებისთვის ეს განვითარების ძალიან კარგი შესაძლებლობაა.
რას იტყვი სუპერლიგის ვებ-გვერდებზე?
სუპერლიგის საიტზე დღეში რამდენჯერმე შევდივარ, ძალიან მოწესრიგებული და კარგი ვებ-გვერდია, რაც არ უნდა გაინტერესებდეს, ყველაფერს ნახავ – სტატისტიკას, შედეგებს, ფოტოებს, სიახლეებს, კომენტარებს… არა მარტო სუპერლიგის, არამედ ასაკობრივი ლიგების საიტებსაც საკმაოდ ხშირად ვსტუმრობ.
– რა რჩევებს მისცემ დამწყებ კალათბურთელებს?
მთავარია, ბევრი ივარჯიშონ. კალათბურთისთვის თავი უნდა გადადონ და მთელი დრო დარბაზში გაატარონ. შრომა აუცილებლად მოუტანთ წარმატებას.
superleague.ge