კალათბურთი სლოვენიაში ჩასვლის დღეს ეროვნულმა ნაკრებმა მსუბუქად ივარჯიშა (ვიდეო)
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა სლოვენიაში პირველი ვარჯიში ჩასვლის დღეს, 16 ივლისს გამართა. თუმცა, ეს უფრო მოთელვითი ხასიათის ვარჯიში გახლდათ, რომელზეც მხოლოდ ფიზიკური მომზადება – ეგრედ წოდებული გაწელვები და ბურთის სროლა განხორციელდა.
ვარჯიშს უფრო მომადუნებელი ეფექტი ჰქონდა. ხანგრძლივი მგზავრობის შემდეგ მოთამაშეები ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო ფიზმომზადების მწვრთნელის, გეორგიოს ვავეცისის ხელმძღვანელობით მოითელნენ და კუნთებს ჩვეული, მანამდელი ტონუსი დაუბრუნეს.
ვავეცისმა ცალკე ავარჯიშა თორნიკე შენგელია, რომელიც სრული დატვირთვით გუნდთან ერთად 21 ივლისიდან ივარჯიშებს. მანამდე მისი ნაოპერაციები ფეხი სრულ მზადყოფნაში უნდა ჩადგეს და ვავეცისთან ერთად ამაზე ნაკრების მთელი საექიმო შტაბი მუშაობს.
პოდჩეტრტეკის კეთილმოწყობილ დარბაზში, რომელსაც გასული წლის შემდეგ რეკონსტრუქცია ჩაუტარდა და უფრო კომფორტული სახე მიიღო, საქართველოს ნაკრების 13-მა კალათბურთელმა 40 წუთს ივარჯიშა. ესენი არიან: გიორგი ცინცაძე, მაიკლ დიქსონი, დუდა სანაძე, ბესო ლეჟავა, ლუკა ზაქრაძე, ანატოლი ბოისა, კახა ჯინჭარაძე, გიგი გოგობერიშვილი, თორნიკე შენგელია, ვიქტორ სანიკიძე, ბექა ბურჯანაძე, გიორგი შერმადინი, გიორგი შარაბიძე.
ნაკრებს 17 ივლისს ნიკა მეტრეველი შეუერთდება, რომელმაც სერია „ა“-ს კლუბ „იუვეკაზერტასთან“ კონტრაქტი გააფორმა და სამედიცინო შემოწმების გასავლელად იტალიაში იმყოფება. ორშაბათს სლოვენიაში ჩამოვლენ ეროვნულში „ბ“ ნაკრებიდან გამოძახებული ბექა ბექაური და ბექა წივწივაძე. ზაზა ფაჩულია ნაკრებს საქართველოში, თბილისის მერიის თასის გათამაშებამდე შეუერთდება, ხოლო მანუჩარ მარკოიშვილის საკითხი გაურკვეველია. ის ფეხის ტრავმის სამკურნალოდ ბელგიაში იმყოფება.
სტატიაში წარმოდგენილ თემებზე ჩვენი ნაკრების წევრებს – მთავარი მწვრთნელის ასისტენტ კოტე ტუღუშს, მოთამაშე დუდა სანაძეს და ნაკრების ექიმთა ჯგუფის ხელმძღვანელ თემურ ხვედელიძეს გავესაუბრეთ, რომელთა კომენტარებსაც ვარჯიშის ამსახველი ვიდეორგოლის ბოლოში გთავაზობთ.
კალათბურთის ფედერაციის პრესსამსახური