კალათბურთის ფედერაცია საუნივერსიტეტო ლიგას დაეხმარება
საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციასა და საქართველოს კალათბურთის ფედერაციას შორის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის თანახმადაც აღნიშნული ორგანიზაციები ერთობლივად იზრუნებენ საუნივერსიტეტო ლიგის ჩატარებაზე.
გათამაშებაში 14 უნივერსიტეტის გუნდი იქნება ჩართული, რომლებიც რეგულარული ჩემპიონატის დასრულების შემდეგ გამარჯვებულს პლეი-ოფის სისტემით გამოავლენენ. საუნივერსიტეტო ლიგის თამაშებს სპორტის სასახლე, სპორტკომპლექსი არენა და საკალათბურთო აკადემია უმასპინძებენ.
მემორანდუმის გაფორმების შემდეგ კალათბურთის და საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციების წარმომადგენლებმა კომენტარები გააკეთეს.
ალეკო პეტრიაშვილი (კალათბურთის ფედერაციის საშეჯიბრო დეპარტამენტის დირექტორი): “სახიხარულოა, რომ საუნივერსიტეტო ლიგის ორგანიზებაში აქტიურად ჩავერთეთ. კალათბურთის ფედერაცია ყველა ღონისძიებას მიესალმება, რაც სპორტის ამ სახეობის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს.
ლექსო გუგავა (საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის პრეზიდენტი): “კალათბურთის ფედერაცია პირველია ფედერაციათა შორის, რომელმაც გამოთქვა სურვილი და მზადყოფნა ეთანამშრომლა საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციასთან და ჩაერთო საკუთარი რესურსი ამ საქმეში. კალათბურთის ფედერაციამ დაინახა საუნივერსიტეტოტო სპორტის აუცილებლობა. იმედია მას სხვა ფედერაციებიც მიბაძავენ. იმ შემთხვევაში, თუ დონე მაღალი იქნება არც საერთაშორისო ასპარეზზე გასვლაა გამორიცხული.”