“კარგია, რომ ბათუმში არ ვითამაშებთ” – რუსეთის ნაკრების მწვრთნელი
რუსეთის საკალათბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, სერგეი ბაზარევიჩმა ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის წილისყრის შემდეგ კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, ახლა ევროპაში სუსტი გუნდები აღარ არსებობენ.
როგორც იცით, თბილისი ევრობასკეტის ერთ-ერთი მასპინძელი იქნება. A ჯგუფში, საქართველოსთან ერთად ესპანეთის, რუსეთის, თურქეთის, ბელგიისა და ბულგარეთის ნაკრებები იქნებიან.
“ცოტატი უცნაურია, რომ ევრობასკეტზე მაშინ ვსაუბრობთ, როცა მის დაწყებამდე ჯერ კიდევ ერთ წელზე მეტია დარჩენილი. ჯერ სულ სხვა ამოცანა გვაქვს – ოლიმპიური თამაშების საგზური უნდა მოვიპოვოთ.
რაც შეეხება ევრობასკეტის ჯგუფს, შემიძლია ვთქვა, რომ ევროპულ კალათბურთში სუსტი გუნდები აღარ არსებობს. ფავორიტები აღარ არიან, ესპანელებიც კი ვერ თამაშობენ ისე, როგორც რამდენიმე წლის წინ.
ჩვენი ჯგუფის სიძლიერეზე საუბარი რთულია. ისევ ვიტყვი, რომ სუსტი გუნდები აღარ არსებობენ. ყველას ყველასი უნდა ეშინოდეს. ერთი გუნდი ვერ გამოვა და იტყვის: “დღეს ჩვენ მოვიგებთ”. ეს ყველაფერი კარგად გამოჩნდა შესარჩევ ეტაპზე გამართულ მატჩებში.
საქართველო მასპინძელი იქნება. პოტენციალით, თურქეთის ნაკრები ძალიან ძლიერია და მათ ფანებიც დაეხმარებიან. საქართველოს ჯგუფში თურქეთი შემთხვევით არ აურჩევია, ისინი მეზობლები არიან. კარგია, რომ ბათუმში არ მოგვიწევს თამაში, რადგან ეს ქალაქი პირდაპირ საზღვარზეა და დარბაზი თურქი ფანებით გაივსებოდა”, – ციტირებს ბაზარევიჩის სიტყვებს Sports.Ru.