კობი ბრაიანტს „ვაშინგტონში“ გადასვლა უნდოდა
„ლოს-ანჯელეს ლეიკერსის“ უკანახაზელმა კობი ბრაიანტმა ჟურნალისტებს თავისი ბიოგრაფიის საკმაოდ საინტერესო ფაქტი გაუმხილა.
2001 წელს მაიკლ ჯორდანმა „ვაშინგტონ უიზარდსში“ კარიერა განაახლა და ამის გამო „შავი მამბა“ დედაქალაქურ კლუბში გადასვლაზე ფიქრობდა.
„ეს სიმართლეა, მე „ვაშინგტონში“ გადასვლაზე ნამდვილად ვფიქრობდი. ჩვენ კარგი გუნდის ჩამოყალიბება და ლიგის მოგება შეგვეძლო“, – ციტირებს ბრაიანტს „ESPN Los Angeles“-ი.
კობის იმის დამტკიცება სურდა, რომ ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის მოგება შაკილ ო’ნილის გარეშეც შეეძლო, თუმცა თავისუფალი აგენტების ბაზარზე გასვლის შემდეგ მან გეგმები შეიცვალა, რადგან ჯორდანმა „ვაშინგტონი“ დატოვა და კარიერა კიდევ ერთხელ დაასრულა.
ლოს-ანჯელესში დარჩენის შემდეგ ბრაიანტმა ეროვნული საკალათბურთო ასოციაცია 2009 და 2010 წლებში მოიგო. 2008 წელს „შავი მამბა“ რეგულარული ჩემპიონატის MVP-დ დასახელდა.