კომბინაციები, კომბინაციები – ილიას ზუროსის ფორსმაჟორული გეგმა
კომბინაციები და კვლავ კომბინაციები – ილიას ზუროსი საქართველოს ეროვნულ ნაკრებს სპორტის სასახლეში ინტენსიურად ავარჯიშა. იმ მოკლე დროში, რომელიც ფიბა-ს მიერ ფორმატის შეცვლის შემდეგ გუნდებს მოსამზადებლად ეძლევათ, ბერძენი სპეციალისტი ცდილობს გუნდი მაქსიმალურად მოამზადოს. ამიტომაც, დღეს, დილის ვარჯიში, თუ მცირე მოთელვას არ ჩავთვლით, პირდაპირ კომბინაციების დამუშავებით დაიწყო.
დილის ვარჯიშამდე ნაკრების მოთამაშეები ვაკეში მდებარე ფიტნეს-ცენტრ “ასპრიაში” იმყოფებოდნენ, სადაც ტრენაჟორებზე დაკავდნენ და ამის შემდეგ მიაშურეს სპორტის სასახლეს. ივარჯიშა და კომბინაციების დამუშავებაში აქტიურად მონაწილეობდა ნაკრების ძირითადი გამთამაშებელი, გიორგი ცინცაძე, რომელიც თბილისში გუშინ რუმინეთიდან ჩამოვიდა. მასთან ერთად ივარჯიშა სერბული “მეგა ბიმაქსის” 18 წლის ცენტრმა გოგა ბითაძემ, რომელსაც ადრიატიკის ლიგაში საკმაო სათამაშო დრო აქვს და სხვებთან ერთად მისი დიდად ეიმედებათ მწვრთნელებს.
ეროვნული ნაკრები დღეს, საღამოს კიდევ ერთ, გენერალურ ვარჯიშს გამართავს. მის დაწყებამდე კი ნაკრების მოთამაშეები და მწვრთნელები მედიის წარმომადგენლებს სპორტის სასახლეში შეხვდებიან.