ლეგიონერების ნაწილმა დაისვენა, ჰიკმანის “მაკაბიმ” კი გალილეაში წააგო
პლეი ოფი დაიწყო საბერძნეთში, სადაც ჩემპიონობისთვის გიორგი შერმადინის „ოლიმპიაკოსი“ იბრძვის. ქართველ ცენტრს მეოთხედფინალური სერიის გახსნით მატჩში მცირე ტრავმის გამო არ უთამაშია.
„ოლიმპიაკოსმა“ სალონიკის „არისს“ უმასპინძლა და 30 ქულის სხვაობით – 74:44 გაანადგურა. სერია 2 მოგებამდე გრძელდება და მორიგ მატჩს „არისი“ 8 მაისს უმასპინძლებს.
თურქეთში რეგულარული ჩემპიონატის დასკვნითი მატჩი გამართა მანუჩარ მარკოიშვილის „გალათასარაიმ“, რომელმაც სტუმრად „მერსინი“ 100:88 დაამარცხა და საბოლოოდ მე-4 ადგილი დაიკავა. ამან სტამბოლელებს საშუალება მისცა, პლეი ოფის პირველ – მეოთხედფინალურ რაუნდში მოედნის უპირატესობით ისარგებლოს. „გალათასარაის“ მეტოქე მეხუთეადგილოსანი „ბეშიქთაშია“.
მარკოიშვიოლმა მერსინში არ ითამაშა, ისევე როგორც გუნდის სხვა ლიდერებმა – კარლოს აროიომ და ზორან ერცეგმა. მწვრთნელმა საპასუხისმგებლო მატჩების წინ წამყვანი მოთამაშეები დაასვენა. მეოთხედფინალური სერია 2 მოგებამდეა და ის 13 მაისს დაიწყება.
დაბოლოს, რიკი ჰიკმანის გუნდის შესახებ, რომელსაც მეოთხედფინალური სერია გაუგრძელდა. „თელ ავივის“ მაკაბი ისრაელში ჯერაც საუკეთესოდ ითვლება და რეგულარული ჩემპიონატიც მოიგო, თუმცა მეოთხედფინალურ სერიაში გალილეაში „გილბოასთან“ 71:75 წააგო და საერთო ანგარიში გათანაბრდა – 1:1.
ჰიკმანი მოედანზე 23 წუთი გახლდათ და სტუმრებს 6 ქულა, 1 მოხსნა, 3 პასი და 1 ჩაჭრა შესძინა. რიკიმ 6-დან 1 ორქულიანი და 4-ვე საჯარიმო ჩააგდო, 2 სამქულიანი ააცილა, ბურთი 4-ჯერ დაკარგა, 2-ჯერ დაუფარეს, 2 პერსონალური ფოლი მიიღო დამის წინააღმდეგაც ამდენჯერვე დაჯარიმდნენ. თელ ავიველთა მხრიდან 10-ქულიან ზღვარს 3 კალათბურთელი ასცდა: დავიდ ბლუ (19), ალექსტიუსი (15) და ტაირის რაისი (14).
სერიის გადამწყვეტი, მე-3 შეხვედრა 10 მაისს თელ ავივში გაიმართება.
gbf.ge