ლევან ყიფიანი კალათბურთელთა ნაკრებს შეხვდა
7 აგვისტოს, სპორტის სასახლეში სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი და მინისტრის მოადგილე თამაზ თევზაძე კალათბურთის ეროვნულ ნაკრებს შეხვდნენ და მნიშვნელოვანი მატჩის წინ ნაკრების მოთამაშეები გაამხნევეს. კალათბურთელთა ნაკრები ჩეხეთთან მატჩისთვის ემზადება, რომელსაც ევროპის 2015 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ეგიდით გამართავს.
ლევან ყიფიანი ნაკრების მთავარ მწვრთნელს იგორ კოკოშკოვს ესაუბრა და გუნდში არსებულ მდგომარეობას გაეცნო. კალთბურთელებს კი პრინციპული მატჩის წინ წარმატება უსურვა და მთავრობის სახელით გუნდის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა. მინისტრი ნაკრების მოთამაშეებს პრემიალური სისტემის შესახებაც ელაპარაკა – ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მოხვედისთვის პრემიალურ თანხას მიიღებს. ფინალურ ეტაპზე მოპოვებული თითოეული წარმატება და ჯგუფური ეტაპის დაძლევაც შესაბამისად დაფასდება.
ეროვნულმა გუნდმა მოსამზადებელი შეკრება ევროპაში გაიარა და ამხანაგური მატჩებიც გამართა, 2-4 აგვისტოს კი სპორტის სასახლეში გამართული თბილისის საერთაშორისო ტურნირი მოიგო. იგორ კოკოშკოვის გუნდმა მოლდოვა, ბრიტანეთი და ბელარუსი დაამარცხა. ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ჩეხეთის გარდა უნგრეთი და პორტუგალიის ნაკრები არიან.
ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფის გამარჯვებული და მეორე ადგილოსანი გადის. ოღონდ მეორე ადგილოსანმა უნდა აჯობოს სხვა ჯგუფების თუნდაც ერთ მეორე ადგილოსანს, რადგან შვიდი ჯგუფიდან ერთი უარესი მაჩვენებლის მქონე მეორე ადგილოსანი ფინალურ ეტაპზე ვერ გადის. ხუთი ჯგუფის მეორე ადგილოსნებს, სადაც ოთხი გუნდი თამაშობს ბოლო ადგილოსნებთან დაგროვილი ქულები გაუნულდება და A და G ჯგუფების მეორე ადგილოსნებს ისე გაეჯიბრება, რადგან პირველ და ბოლო ჯგუფში 3-3 გუნდი თამაშობს. სულ ფინალურ ეტაპზე 13 ნაკრები გადის.
საქართველოს ნაკრები ოფიციალური მატჩების დაწყებას პრობლემებით ხვდება. ტრამვის გამო გუნდს ვერ ეხმარება ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი მანუჩარ მარკოიშვილი, რომელმაც ახლახანს ევროპული კალათბურთის გრანდ მოსკოვის ცსკა-სთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა.
იგივე მიზეზით ნაკრებს ვერ ეხმარება ამერიკელი ლეგიონერი რიკი ჰიკმანი. ტრამვის გამო შესარჩევი ეტაპის პირველ წრეს და შესაბამისად ჩეხეთთან პრინციპულ მატჩს გამოტოვებს გიორგი შერმადინი. ის გუნდს მეორე წრის შეხვედრებში დაეხმარება. წელი აწუხებდა ვიქტორ სანიკიძესაც, თუმცა დიდი ალბათობით ის ჩეხეთთან ითამაშებს. დანაკლისი აქვს ჩეხეთის ნაკრებსაც. ჩეხები თბილისში მთავარი ვარსკვლავის ცენტრ იან ვესელის გარეშე ჩამოვლენ. ვესელმა ამ ეტაპზე ნაკრებში თამაშზე უარი განაცხადა.
ევროპის 2015 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი
10 აგვისტო, თბილისი
საქართველო – ჩეხეთი
13 აგვისტო, კეჩკემეტი
უნგრეთი – საქართველო
17 აგვისტო, ოვარი
პორტუგალია – საქართველო
20 აგვისტო, ნიმბრუკი
ჩეხეთი – საქარეთველო
24 აგვისტო, თბილისი
საქართველო – უნგრეთი
27 აგვისტო, თბილისი
საქართველო – პორტუგალია
http://msy.gov.ge/