ლუოლ დენგმა ჩიკაგოში დაბრუნება არ გამორიცხა
ფორვარდი ლუოლ დენგი, რომელიც ზაფხულში თავისუფალი აგენტი გახდება, მიმდინარე თვეში „ჩიკაგო ბულსიდან“ „კლივლენდ კავალიერსში“ გადავიდა. ერთ-ერთი ბოლო მატჩის წინ ბრიტანელს ჰკითხეს, შეუძლია თუ არა მას „ხარების“ რიგებში დაბრუნება, რაზეც ჟურნალისტებს მან ჯერ სარკაზმით უპასუხა, შემდეგ კი, ტონი შეცვალა.
„არ ვიცი. შესაძლოა, მათ სამ წელიწადში 30 მილიონი დოლარი შემომთავაზონ.
ამჟამად რამის თქმა რთულია. გაბრაზებული ან ნაწყენი არავისზე ვარ. უბრალოდ, სისულელე იქნება იმის თქმა, რომ „ბულსი“ ჩემს სიაში არ იქნება. ამ გუნდში ათი წელიწადი გავატარე“, – განუცხადა დენგმა Chicago Sun-Times.
ცნობისთვის, კლივლენდში გადასვლის წინ დენგი „ხარების“ ხელმძღვანელთა წინადადებას არ დათანხმდა, რომლებიც მას 3-წლიან კონტრაქტს და ხელფასის სახით 30 მილიონ დოლარს სთავაზობდნენ.
ალექსანდრე მატევოსოვი