მაიკ დიქსონი ქართველებს: “ჩემს გულში განსაკუთრებულ ადგილს დაიკავებთ”
მაიკლ დიქსონი ამიერიდან საქართველოს ნაკრებში აღარ ითამაშებს. მის ნაცვლად გუნდს უახლოეს მატჩებში ტადეუს მაკფადენი დაეხმარება.
დიქსონი საქართველოს ნაკრებში 2016 წელს გამოჩნდა, 2017 წელს კი მან ევრობასკეტზეც ითამაშა. 10 ივნისს, ამერიკელმა კალათბურთელმა სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა და საქართველოს მადლობა გადაუხადა.
“ამ წელმა მასწავლა, რომ ცხოვრებაში ყველაფერი იდეალურად არასოდეს იქნება. თუმცა, როცა სხვებს ანაზღაურების გარეშე ეხმარები, ვფიქრობ, ეს ისაა, რის გამოც ცხოვრება ღირს. კალათბურთის ფედერაციასა და ლამაზ ქვეყანას – საქართველოს: მადლობას გიხდით იმისათვის, რომ თქვენიანად მიმიღეთ. კარიერის მანძილზე, სადაც მითამაშია, თქვენ საუკეთესო ფანები იყავით. გულწრფელად ვიტყვი, რომ თქვენ ჩემს გულში განსაკუთრებულ ადგილს დაიკავებთ”, – წერს დიქსონი Instagram-ში.