მაიკლ დიქსონი სლოვაკეთის წინააღმდეგ ითამაშებს (ვიდეო)
მაიკლ დიქსონი 3 სექტემბერს სლოვაკეთთან ითამაშებს. საქართველოს ნაკრების ამერიკელმა ლეგიონერმა, რომელმაც წინა შეხვედრები ტრავმის გამო გამოტოვა, მწყობრშია და ის ჩვენს ეროვნულ გუნდს ბრატისლავაში დაეხმარება.
დიქსონმა დღეს „ჰანტ არენაზე“ საქართველოს ნაკრებთან ერთად ივარჯიშა. ბრატისლავას მთავარი საკალათბრთო დარბაზი 2500-ამდე მაყურებელს იტევს და ქართველებამდე იქ სლოვაკებმა ივარჯიშეს.
ილიას ზუროსმა გუნდის წევრები დიდად არ დატვირთა. კალათბურთელებმა ძირითადად სროლებში და გარკვეულ კომბინაციებში ივარჯიშეს. იმ ფიცარნაგს გაუშინაურდნენ, რომელზეც 3 სექტემბერს პრინციპული მატჩი ელით სლოვაკეთთან.
შეხვედრის ტელე-ტრანსლაცია არ იგეგმება, თუმცა როგორც მასპინძლებმა გვამცნეს, ინტერნეტით აპირებენ მატჩის გაშუქებას და Youtube.com-ზე მალე შესაბამის ლინკსაც შექმნიან. შეგახსენებთ, რომ სლოვაკეთისა და საქართველოს მატჩი 3 სექტემბერს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.
GBF.GE