მაკედონიურ ტურნირზე ეროვნული ნაკრები დანაკლისით გაემგზავრა
დღეს საქართველოს ეროვნული ნაკრები სლოვენიიდან მაკედონიაში გაემგზავრა, სადაც საერთაშორისო ტურნირში მიიღებს მონაწილეობას. ქალაქ ოჰრიდში საქართველოსთან და მასპინძელთა ნაკრებთან ერთად თავს ავსტრია და რუმინეთი მოიყრიან. საქართველოს ნაკრები მაკედონიაში 14 კალათბურთელით მიდის. საქართველოში რევაზ როგავა და ირაკლი ჩლაიძე ბრუნდებიან. ოჰრიდში გამგზავრების წინ სლოვენიაში შევეხმიანეთ მთავარი მწვრთნელის ასისტენს კოტე ტუღუშს, რომელმაც სლოვენიურ შეკრებასა და გუნდის სიახლეებზე გვესაუბრა…
-შეკრების მეორე ეტაპი, რომელიც სლოვენიაში 5 ივლისს დაიწყო, დღეს დასრულდა. მთავარმა მწვრთნელმა, იგორ კოკოშკოვმა ყველა მოთამაშე საქმეში ნახა. დღეში ორჯერადი ვარჯიშები გვქონდა, რამაც მწვრთნელს საშუალება მისცა, ყველა კანდიდატი ბოლომდე გამოეცადა. კოკოშკოვზე ძალიან დადებითი შთაბეჭდილება დატოვა თითოეულმა მოთამაშემ, უკმაყოფილო არავიზე არ დარჩენილა, ამიტომაც რთული იყო მათგან რომელიმეზე უარის თქმა. საბოლოო არჩევანის გაკეთება კოკოშკოვს მაინც მოუხდა და თბილისში რევაზ როგავა და ირაკლი ჩლაიძე მოდიან. იგორ კოკოშკოვის სახელით დიდ მადლობას მოვუხდი ამ ბიჭებს, რომლებიც ძალიან კარგი სპორტსმენები არიან და ნაკრებშიც კარგად წარმოაჩინეს თავი. ვუსურვებ მათ წარმატებას საკუთარ გუნდებში. ნაკრები არ წყვეტს მათთან ურთიერთობას. მთავარმა მწვრთნელმა მათ მისცა რეკომენდაციები, რა კუთხითაც უნდა იმუშაონ.
– მაკედონიაში რამდენი მოთამაშით მიემგზავრებით?
– 14 კალათბურთელით მივდივართ. ესენია: ზაზა ფაჩულია, ვიქტორ სანიკიძე, გიორგი ცინცაძე, დუდა სანაძე, ლევან ფაცაცია, ბესიკ ლეჟავა, ოთარ ფხაკაძე, ნიკა მეტრეველი, ბექა წივწივაძე, გიორგი შარაბიძე, აკაკი დვალიშვილი, მიხეილ ბერიშვილი, ლაშა ფარღალავა და მიხეილ ჭოჭუა.
– დანარჩენი მოთამაშეები როდის შემოგიერთდებიან?
– ბექა ბურჯანაძე ევროპის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე თამაშობს და სლოვენიაში რომ დავბრუნდებით, 20 ივლისისთვის შემოგვიერთდება. სავარაუდოდ იმ პერიოდისთვის ჩამოვა სლოვენიაში თორნიკე შენგელიაც, რომელიც რამდენიმე დღის წინ მამა გახდა და თავის ოჯახთანაა. ვსარგებლობ შემთხვევით და ნაკრების სახელით ვულოცავ თორნიკეს ვაჟიშვილის შეძენას. შერმადინს ფეხი აწუხებს და სრული დატვირთვით ვერ ვარჯიშობს და იგი სავარაუდოდ მოგვიანებით შემოგვიერთდება. ცუდი ინფორმაციაა რიკი ჰიმანთან დაკავშირებით. მას ექიმებმა თამაში აუკრძალეს. სეზონის ბოლო პერიოდში ის ტრავმით თამაშობდა და ახლა სერიოზულ რეაბილიტაციას საჭიროებს. ის შესარჩევი ტურნირის მატჩებში ვერ დაგვეხმარება. ტრავმიანია მანუჩარ მარკოიშვილიც, რომელიც ექიმებთან რეაბილიტაციის კურსს გადის და ნაკრების თამაშებისთვის სავარაუდოდ, ვერ მოასწრებს მომჯობინებას.
– მაკედონიაურ ტურნირზე რას იტყვით?
– ეს არის მოსამზადებელი მატჩები და შედეგს ყურადღებას არ ვაქცევთ. მთავარი მიზანი გუნდის შეთამაშება და 10 აგვისტოსთვის მომზადებაა, როცა პირველ ოფიციალურ მატჩს გავმართავთ ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში.
– ტურნირის კალენდარი გაგვაცანით…
– 16 ივლისს, თბილისის დროით 20:00 საათზე ვეთამაშებით რუმინეთს. 17-ში, იგივე დროს ავსტრიას დავუპირისპირდებით, ხოლო 18 ივლისს, თბილისის დროით 10:30 საათზე მაკედონიას შევხვდებით.
gbf.ge