მანუჩარ მარკოიშვილი მოედანს ოვერტაიმიან მატჩში, წარმატებულად დაუბრუნდა
მანუჩარ მარკოიშვილი მოედანს დაუბრუნდა. ეს თავისთავად სასიხარულო სიახლეა და მას ისიც აძლიერებს, რომ ქართველმა ლეგიონერმა ხანგრძლივი უქმობის დასრულება შედეგიანი თამაშით აღნიშნა. მოსკოვის ცსკა-მ, რომელიც მალაგაში „უნიკახას“ ეთამაშებოდა, დიდი ბრძოლა გადაიტანა და გამარჯვებას დრამატულ ოვერტაიმში მიაღწია -76:75.
მარკოიშვილმა წინა მატჩი 20 ოქტომბერს, ვითიბი ლიგაზე, „ენისეისთან“ გამართა და ტრავმის გამო ვერ ჩაამთავრა. თითქმის 2-თვიანი იძულებითი შესვენების შემდეგ ქართველი ლეგიონერი მოედანზე ჩვეული შედეგიანობით დაბრუნდა. მართალია, ქართველმა უკანახაზელმა ბომბარდირული თვისებები ვერ გამოავლინა, თუმცა იმ 15:41 წუთში, რაც მოედანზე იმყოფებოდა, თავის გუნდს დიდი სარგებელი მოუტანა.
უმთავრესი ალბათ ისაა, რომ მარკოიშვილის მოედანზე ყოფნის პერიოდში ცსკა-მ 18 ქულით აჯობა „უნიკახას“. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მოსკოველები ბოლო პერიოდამდე აგებდნენ, მარკოიშვილის ამ შედეგს ოქროს ფასი ედება. ამ მაჩვენებლით ქართველი ლეგიონერი არმიელთაგან საუკეთესო იყო.
ცალკე თემაა ის 2 სამქულიანი, რომელიც მანუჩარმა ბოლო პერიოდის დასაწყისში მიყოლებით ჩააგდო და საფუძველი დაუდო მოსკოვური გუნდის გაქცევას. ცსკა-მ მატჩის მიწურულს მოახერხა იმ 16-ქულიანი ჩამორჩენის აღმოფხვრა, რომლითაც პირველი ტაიმის შემდეგ აგებდა და თამაში ოვერტაიმში გადაიყვანა.
მარკოიშვილი მოედანზე იმყოფებოდა მატჩის ძირითადი დროის ბოლო წუთებზეც და საფი ნალო სირენამდე წამებით ადრე უმნიშვნელოვანესი ჩაჭრაც განახორციელა, თუმცა სონი უიმსმა სამქულინი ვერ ჩააგდო და თამაში დამატებით დროში გადაიზარდა. ექსტრახუთწუთეულის მესამე წუთზე გამოჩნდა მანუჩარი მოედანზე და თანაგუნდელებთან ერთად გამარჯვების მოპოვებაში აქტიურად მონაწილეობდა.
ქართველი ლეგიონერის მონაგარი ასეთი იყო – 6 ქულა, 2 მოხსნა, 2 პასი, 1 ჩაჭრა, 1 დაფარება და ეს ყველაფერი ბურთის დაუკარგავად. ქართველმა უკანახაზელმა 4 სამქულიანი ესროლა, რომელთაგან მიზანს 2-მა მიაღწია. მანუჩარის მაგრი ქმედების კოეფიციენტმა 8 ერთეული შეადგინა და ამ მხრივ იგი ცეესკელთაგან მხოლოდ ნანდო დე კოლოს (27), სონი უიმსს (13) და კაილი ჰაინსს (13) ჩამორჩა.
ცსკა-ს 9-დან 9 გამარჯვება აქვს და ევროლიგაში ერთადერთი წაუგებელი გუნდია. კატალონიურმა „ბარსელონამ“ პირველი მარცხი სწორედ ამ ტურში, შინ, რიკი ჰიკმანის „ფენერბაჰჩესთან“ დამატებით დროში განიცადა.
ევროლიგაში მორიგი მატჩი მარკოიშვილის გუნდს 18 დეკემბერს მოსკოვში, ფრანგულ „ლიმოჟთან“ ელის, მანამდე კი ჩეხეთის დაბა ნიმბურკში ადგილობრივ გუნდთან ვითიბი ლიგის მატჩს გამართავს
GBF.GE