მარკოიშვილმა ცსკა-ში პირველი ოფიციალური მატჩი სასტარტო ხუთულში ითამაშა
მანუჩარ მარკოიშვილის პირველი ოფიციალური მატჩი მოსკოვის ცსკა-ს შემადგენლობაში. ქართველმა ლეგიონერმა ვითიბი ლიგის მატჩი ფინური „ბიზონსის“ წინააღმდეგ სასტარტო ხუთეულში ითამაშა და არმიელთა გამარჯვებაში საკუთარი წვლილი შეიტანა.
ცსკა-ს არ გასჭირვებია ვითიბი ლიგის ერთადერთი ფინური გუნდის ძლევა. პირველი მეოთხედი მოსკოველებმა 30:14 მოიგეს, ხოლო დიდი შესვენებისთვის უკვე 22 ქულით დაწინაურდნენ. საბოლოოდ არმიელთა 29-ქულიანი უპირატესობა დაფიქსირდა – ტურნირის ერთ-ერთმა ფავორიტმა ჩემპიონატი დამაჯერებელი გამარჯვებით (99:70) დაიწყო.
მარკოიშვილმა მოედანზე მთლიანობაში 19:38 წუთი გაატარა და 4-დან 3 ორქულიანი ჩააგდო, 1 სამიანი კი ააცილა. ქართველმა უკანახაზელმა საბოლოოდ 6 ქულა, 2 მოხსნა, 2 პასი და 2 ჩაჭრა მოაგროვა. მანუჩარს ბურთი არ დაუკარგავს, 1 ჯარიმა მიიღო, ხოლო მასზე მეტოქეებმა 2-ჯერ დაარღვიეს თამაშის წესები.
მეტოქის სისუსტისგან გამომდინარე, განაცხადში მყოფმა 12-ივე არმიელმა ითამაშა. თანაც მოედანზე 23:12 წუთზე მეტი არავის გაუტარებია. ამ ხნით ამერიკელმა აარონ ჯეკსონმა ითამაშა და მოსკოველთაგან საუკეთესო შედეგი დააფიქსირა – 13 ქულა, 9 მოხსნა, 3 პასი და 3 ჩაჭრა. 14 ქულითა და 6 პასით დაასრულა თამაში მილოშ თეოდოსიჩმა.
ცსკა მომდევნო მატჩს კვლავ ვითიბი ლიგაში, 12 ოქტომბერს გამართავს. მარკოიშვილის გუნდი კრასნოდარში „ლოკომოტივს“ შეხვდება.
gbf.ge